რეზო გაბრიაძე - ჩემი პატარა ქალაქი

17.03.2023


„ეს გიჟი ნამეტანი ჭკვიანია“.

„უცხო ჩიტი“

"როგორც თვითონ ამბობდა, მას წერით არ დაუწყია თავისი მრავალმხრივი მოღვაწეობა, ქანდაკებით დაიწყო. მაგრამ მაინც სიტყვამდე მივიდა. სიტყვამ გახადა მერე ერთდროულად: გენიალური ფილმების სცენარის ავტორი, საოცარი მარიონეტების თეატრის შემქმნელი – მისივე რეჟისორი, სცენარისტი, მუსიკალური გამფორმებელი… და მწერალი".

"აქ მოთხრობილი ამბავი ნამდვილია მეთქი, რომ დავიჟინო, მკითხველი მაინც არ დამიჯერებს. ოღონდ ერთში უნდა მენდოთ, პირადად ჩემთვის ნამდვილზე უნამდვილესი რომ არის ეს ამბავი, რადგან ბავშვობისას მაქვს მოსმენილი ბუხრის პირას - არ ვიცი ქუთაისში, გუმბრინში, საქარაში თუ საკუთრივ ძუყნურში. მაშინ დავიჯერე მიზანასა და არისტოს, ერთაოზისა და მარგალიტას, ქრისტეფორესა და თამუნიას ამბავი და მერე კაციშვილმა ვერ გადამათქმევინა. კინოს ხალხმაც ირწმუნა მისი სინამდვილე, გადაიღეს "შერეკილები". 

   მე კი გულმა ვერ მომითმინა და ის ბუხრის პირას გაგონილი ამბავი ახლა უფრო წვრილად აღვადგინე მეხსიერებაში. თანაც ბევრი წაკითხული დავუმატე, ბევრიც ჭკვიანი ხალხიდან განაგონი, ბევრიც მეცნიერული, ბევრიც ქუჩაში ან სუფრაზე მოსმენილი და ეგებ შენი ნათქვამიც, საყვარელო მკითხველო"!

„რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ჩემი ცხოვრების ერთ პატარა კუნძულზე ვტრიალებ. ეს ქალაქი ქუთაისია. იქ სულ 17 წელი ვიცხოვრე, მერე კი წავედი სამყაროში სახეტიალოდ. მაგრამ, მაშინაც კი, როდესაც პარიზზე ვწერ, მაინც ქუთაისზე დაწერილი გამომდის.




    ქუთაისი ადრიატიკაა, ის უფრო ხმელთაშუაზღვისპირული ქალაქია, უფრო ლირიულია, რბილი, აქ უფრო იგრძნობა ბერძნული გავლენა. თბილისმა სხვა გზა გამოიარა. მასში სპარსეთიც იგრძნობა და ევროპაც. ქუთაისი უფრო მსუბუქი ქალაქია, ქუთაისელები მსუბუქად იღიმებიან, მსუბუქად ტირიან, მათი გრძნობები და ურთიერთობებიც უფრო მსუბუქია და იმ სამყაროშიც უფრო მსუბუქად მიდიან...“, – რეზო გაბრიაძე.

 ახალი გამოცემა  გაფორმებულია რეზო გაბრიაძის ნახატებით. კრებულში შესულია შემდეგი მოთხრობები: „შერეკილები“, „ქუთაისი ქალაქია“, „ექიმი და ავადმყოფი, ანუ აკრძალული შობა“, „ალილო“, „ერმონია და რამონა“, „თეთრი ხიდი“.


" ქალაქი, რომლისკენაც ერთაოზი დაიძრა, არ აღინიშნება დღესაც ყველა რუკაზე და ჩვენს დროშიც „სხვადასხვა დასახლებულ პუნქტად“ ასახელებენ.
ამ ქალაქს შუაში პატარა მდინარე ჩაუდიოდა, რომლისთვისაც უფრო სწორი იქნებოდა მოსიარულე წყალი გვეწოდებინა. ეკლარის ქვით ნაშენი სახლებიდან მუდამჟამს გიტარის სევდის მომგვრელი კვნესა ისმოდა"…







1974-1980წწ. მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში"; მისი სცენარებით გადაღებულია მხატვრული ფილმები: "არაჩვეულებრივი გამოფენა", "არ იდარდო", "სერენადა","ბურთი, ხელთათმანი და კაპიტანი", კინონოველა "ფეოლა" გ. ჩარკვიანთან ერთად, "ქვევრი", "თეთრი ქარავანი", "შერეკილები", "სიყვარულო, ძალსა შენსა"( "მიმინო"(1977, "მოსფილმი"), "დიუმა კავკასიაში", "ქინ-ძაძა" და სხვ.


როგორც მხატვარმა რეზო გაბრიაძემ მრავალ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა: გერმანია,(მიუნხენი), საფრანგეთი (რენე, დიჟონი), შვეიცარია ,(ლოზანა), რუსეთი (მოსკოვი და პეტერბურგი), მათ შორის პეტრე დიდის “ჩაის სახლში და რუსულ-ამერიკულ გამოფენაში “ერმიტაჟში”.2012 წელს მოსკოვში პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების ნაციონალურ მუზეუმში რეზო გაბრიაძის ნამუშევართა დიდი პერსონალური გამოფენა გაიხსნა, რომელზეც მხატვრის 182 ფერწერული, გრაფიკული, კერამიკული, სკულპტურული და თოჯინური ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.

მხატვრის ნამუშევრები ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების მუზეუმებსა და კერძო კოლექციებშია დაცული: სანქტ-პეტერბურგის თეატრალური და მუსიკალური ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში; ანა ახმატოვას მუზეუმში “შადრევნის სახლში” ფონტანკაზე, (სანქტ-პეტერბურგი); ფიოდორ დოსტოევსკის მემორიალურ მუზეუმში (სანქტ პეტერბურგი); ალექსანდრე პუშკინის სახელობის მუზეუმში (სანქტ-პეტერბურგი);ბულატ ოკუჯავას სახლ-მუზეუმში (პერედელკინო); ა. ბახრუშინის სახელობის თეატრალურ მუზეუმში,(მოსკოვი)

ფერწერული ნამუშევრების გარდა რეზო გაბრიაძის სკულპტურები ოდესასა და სანქტ-პეტერბურგშია. მხატვარი 50-ზე მეტი წიგნის ილუსტრაციის ავტორიცაა: საქართველოში; საფრანგეთსა და რუსეთში.







კოჯრის ტყის სიზმრები

ქალაქურ ფოლკლორზე აგებული ჯაზური ვარიაციები. მუსიკალური ნომრები, რომლებსაც ახალ წელს კოჯრის ტყეში შეკრებილი მომღერლები (თოჯინები) ასრულებენ, მათ შორის ელა ფიდჯერალდი და ლუი არმსტრონგი.

რეჟისორი: რევაზ გაბრიაძე
გამოშვების წელი: 1978
ქვეყანა: საქართველო
ჟანრი: ანიმაცია



          1981 წელს მა­რი­ო­ნე­ტე­ბის თე­ატ­რი და­ა­არ­სა, რო­მელ­მაც პირ­ვე­ლი­ვე სპექ­ტაკ­ლი­დან - "ალფ­რე­დი და ვი­ო­ლე­ტა" მა­ყუ­რე­ბე­ლის გული მო­ი­ნა­დი­რა... თე­ატრმა არ­სე­ბო­ბის მან­ძილ­ზე მსოფ­ლიო წარ­მა­ტე­ბუ­ლი გას­ტრო­ლე­ბით მო­ი­ა­რა. რეზო გაბ­რი­ა­ძეა სპექ­ტაკ­ლე­ბის პი­ე­სის ავ­ტო­რი, რე­ჟი­სო­რი, მხატ­ვა­რი და მუ­სი­კა­ლუ­რი გამ­ფორ­მე­ბე­ლიც. 



      გაბრიაძის თეატრის ისტორია 1981 წელს დაიწყო სპექტაკლით «ალფრედი და ვიოლეტა», სადაც სიყვარულის მარადიულ ამბავს, რომელიც ყველასთვის ცნობილია ალექსანდრე დიუმა – შვილის რომანიდან “ქალი კამელიებით” და ჯუზეპე ვერდის ოპერიდან “ტრავიატა”, რეზო გაბრიაძემ სრულიად ახალი მხატვრული გადაწყვეტა მისცა. დიდი პაუზის შემდეგ, სპექტაკლი კვლავ დაუბრუნდა გაბრიაძის თეატრის სცენას, ოღონდ უკვე  ახალი სახით.




ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეზო გაბრიაძემ სრულიად განაახლა პიესა, დაამატა მას ახალი გარემოებები და გმირები, შექმნა პერსონაჟებისა და დეკორაციების განახლებული ესკიზები. ავტორის ჩანაფიქრი ბოლომდე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ლეო გაბრიაძემ მიიყვანა, სწორედ ის არის ახალი დადგმის რეჟისორი.

     ამჯერად, ალფრედისა და ვიოლეტას ისტორია 90-იანი წლების თბილისის დრამატული მოვლენების ფონზე თამაშდება და მათ სიყვარულს მრავალი წინააღმდეგობის გადალახვა მოუწევს…

სპექტაკლის მოქმედება ვითარდება თბილისში, მთაწმინდაზე, აგრეთვე – მილანში, ხაშურში, რომში, აბასთუმანში, ვენეციასა და დიღომში.


კადრები სპექტაკლიდან  "რამონა"

„რამონა“ – ორი ორთქმავლის სიყვარულის ისტორიაა. პიესის მოქმედება დიდი სამამულო ომის შემდგომ, რკინიგზის სადგურ ,,რიონში” ვითარდება. მძლავრი ორთქმავალი ერმონი სამსახურებრივი მივლინებით მიემგზავრება შორეულ მხარეში „ხუთწლედის ოთხწლედში დასასრულებლად“. სამანევრო რამონა კი რკინიგზის პატარა სადგურში რჩება და ქმარს ელოდება. მისი დღეები მოგონებებითა და მონატრებითაა სავსე. თვიდან თვემდე, წლიდან წლამდე გრძელდება ეს განშორება და ახალი განსაცდელი მოაქვს გმირებისათვის. რამონას ცხოვრება სამუდამოდ იცვლება, როცა ქალაქში მოხეტიალე ცირკი შაპიტო გამოჩნდება. განშორებული შეყვარებულები ისევ შეხვდებიან ერთმანეთს, მაგრამ როგორი იქნება ეს შეხვედრა და რა გარემოებებში, მაყურებლისათვის სპექტაკლის უკანასკნელ წუთებამდე გამოცანად რჩება.



„ჩემი გაზაფხულის შემოდგომა“ არის ამბავი ბებიაჩემზე, ომისშემდგომი წლების დაცარიელებულ და გაღატაკებულ ქუთაისზე.

იგივე ხდებოდა ალბათ ნიჟნი ნოვგოროდსა და სამარაში: სიცივე, შიმშილი, ნავთქურები და ხალხის გასაოცარი კეთილშობილება.

იყო სურვილი სიცოცხლისა, სიყვარულისა – ის, რაც ჩემი აზრით განასხვავებს ჩვენს მძიმე წლებს სხვა მძიმე წლებისაგან. მაშინდელ ხალხს გააჩნდა „სიცოცხლის წყალი“, რაც მათ „გახმობის“ საშუალებას არ აძლევდა, ეხმარებოდა და ცხოვრების ხალისს აძლევდა. თუ ამან აგაღელვათ, მაშინ ჩემი ამოცანა შესრულებულია.“

  რეზო გაბრიაძე 





რეზო გაბრიაძის, ჩანაწერების მიხედვით შექმნილი ანიმაციური ფილმი, დედა, იცი, სად ვიყავი? ამერიკულ სტრიმინგ პლატფორმა ნეტფლიქსზე განთავსდა, სახელწოდებით რეზო.

ბიოგრაფიული ანიმაცია 2017 წელს შეიქმნა, პრემიერა კი მომდევნო წელს შედგა ამსტერდამის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე (IDFA). კინოსურათის სცენარი თავად რეზო გაბრიაძეს ეკუთვნის, რომელიც ნაწარმოებში მთხრობელადაც გვევლინება, რეჟისორი კი მისი შვილი, ლეო (ლევან) გაბრიაძეა.




რეზო გაბრიაძე მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, მათ შორის არის საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის კომანდორის ორდენი, სსრკ სახელმწიფო პრემია, პრემიები – „ნიკა“, „ტრიუმფი“, „ოქროს ნიღაბი“, „ოქროს სოფიტი“, „ცარსკოსელსკაია პრემია“, შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია და ა.შ.




პრემიები და  ჯილდოები

  • 2017 - ილიას მედალი "მარად და ყველგან საქართველოვ, მე ვარ შენთანა" ქართული კულტურისა და სულიერების წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისათვის
  • 2016 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1996 - ღირსების ორდენი ქართული კულტურის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილისათვის, კინოსა და თეატრალურ ხელოვნებაში ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის
  • 1989 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1989 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1987 - საქართველოს სახალხო არტისტი


კომენტარები

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა