მუზეუმები - მუზეუმების ისტორია დასაბამიდან დღემდე

04.11.2023


      მუზეუმს უდიდესი როლი აკისრია როგორც კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-შენახვაში, ასევე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაში. ამგვარად, მუზეუმს დამთვალიერებლისთვის ვიზუალური სიამოვნების მინიჭების გარდა, საზოგადოების განვითარებისა და განათლების ფუნქციაც აქვს. მართალია, ვიზიტიორებს ყველა მუზეუმში უფასოდ შესვლის უფლება არ ეძლევათ, მაგრამ ერთი რამ ცხადია, მუზეუმების კარი მუდამ ღიაა, უნიკალური ექსპონატები კი დამთვალიერებლებს ელიან. 2020-21 წლებში კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიოს მასშტაბით არსებული მუზეუმები დაიხურა, დაცარიელდა, სამუზეუმო სივრცეები უკიდეგანო მდუმარებამ მოიცვა. პანდემიის პერიოდში გამოცხადებულმა შეზღუდვებმა მუზეუმების შესახებ წიგნის დაწერის სურვილი აღმიძრა. ვიმედოვნებ, შემოქმედებითი პროცესით გამოწვეული სიამოვნების განცდა ამ წიგნის ფურცლებზე სამარადისოდ აღიბეჭდა. ნაშრომში ნათლად ჩანს, თუ როგორ მივილტვოდი სხვათა მსგავსად იმ სულიერი საზრდოსკენ, რასაც ხელოვნების ნიმუშებით ტკბობა ან ხელოვნების გალერეებში საათობით ხეტიალი ჰქვია, მაგრამ პანდემიით განპირობებული დისტანციის გამო ამ სიამოვნებასაც ვიყავით მოკლებულნი. ახლა, როცა შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნა და საზოგადოებაც ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა, ისღა გვაფიქრებს, რა შეიცვალა უკეთესობისკენ. ცხადია, ჩვენი ცხოვრების არცერთი ასპექტი არ დარჩენილა ხელშეუხებელი. პანდემიის უშუალო შედეგებმა სამუზეუმო ცხოვრებას უარყოფითი კვალი დაატყო. დამთვალიერებლისთვის დაკეტილი კარი არამარტო მუზეუმის სიცოცხლეს სპობდა, არამედ მას შემოსავლის წყაროსაც უკეტავდა. ყოველივე ეს დასაქმებულთა მასობრივი დათხოვნის საბაბად იქცა.




     ზოგიერთი მუზეუმი სამუდამოდ დაიხურა, ზოგიც ხელისუფლების დახმარების პაკეტის იმედად დარჩა. პანდემიამ გრძელვადიან პერსპექტივაში არსებული ტენდენციები კიდევ უფრო დააჩქარა. წარმატებული გამოფენები სულ უფრო იშვიათად იმართება, სამაგიეროდ, ციფრული გამოფენების ხანა დადგა. პანდემიამ მუზეუმები უპრეცედენტო მასშტაბის კრიზისში მოაქცია. თუმცა გასულ წელს მომხდარმა კიდევ ერთმა ფაქტმა ჩვენს საზოგადოებაზე გაცილებით ღრმა და გრძელვადიანი გავლენა იქონია. 2020 წლის 25 მაისს 46 წლის აფროამერიკელი მამაკაცი, სახელად ჯორჯ ფლოიდი, მინეაპოლისის (მინესოტის შტატი, აშშ) პოლიციის ოფიცერმა დერეკ შოვინმა მოკლა. როცა დერეკ შოვინი მამაკაცს კისერზე მუხლს გამეტებით აჭერდა, ფლოიდმა უკანასკნელი სიტყვები წარმოთქვა: `ვერ ვსუნთქავ~. ეს სულის გამოძახილი საპროტესტო გამოსვლების ლოზუნგად იქცა, რაც საბოლოოდ მასობრივ არეულობაში გადაიზარდა. სახალხო პროტესტმა მთელი დასავლური სამყარო მოიცვა და გააერთიანა ერთი დროშის ქვეშ ლოზუნგით `შავკანიანთა სიცოცხლეც ღირებულია!.




   2013 წელს პოლიციური სისასტიკისა და რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ დაწყებული პროტესტი გადაიზარდა გაცილებით ფართომასშტაბიან მოძრაობაში, რომელიც სისტემური რასიზმისა და მისი მხარდამჭერი სტრუქტურებისა თუ ინსტიტუციების აღმოფხვრისკენ იყო მიმართული. ჩვენ, როგორც საუკეთესო მსაჯულნი, ყველაფერს ვაფასებთ, ყველაფერს ვიმახსოვრებთ და განსაზღვრულ გამონაკლისებს მაინც ვუშვებთ. სამწუხაროა, რომ მუზეუმებიც ამ სისტემური რასიზმის თანამონაწილენი აღმოჩნდნენ. მოგვიანებით ლოზუნგმა `შავკანიანთა სიცოცხლეც ღირებულია!~ არაერთი ინსტიტუცია შემეცნებისა და გააზრების გზაზე დააყენა. საკითხავია, რა შეიცვალა მას შემდეგ. ხშირად ამბობენ, რომ მუზეუმები საზოგადოების სარკეა. თუმცა სადღეისოდ გაბატონებულ რეალობას მუზეუმები სრულყოფილად ვეღარ ასახავს. ამდენად, რასობრივი თანასწორობის მოთხოვნით გამოსულ საზოგადოებას, რომლისთვისაც კულტურული მრავალფეროვნებაა ღირებული, უდავოდ ძალუძს თანასწორი და ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფა. 





  მუზეუმებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან მილიონობით დამთვალიერებელი სტუმრობს. მუზეუმი კაცობრიობის მართლაც ფასდაუდებელ და შეუდარებელ ქმნილებად განიხილება. წიგნი მკითხველს მუზეუმების დაარსების მეტად საინტერესო ისტორიებს უამბობს; დეტალურად არის აღწერილი მუზეუმების აღმოცენებისა და განვითარების ისტორია, რომელიც ევროპის სამეფო საგანძურის კოლექციებს, განმანათლებლობის ეპოქით შთაგონებულ რარიტეტთა განძთსაცავებს, XIX საუკუნეში შექმნილ საჯარო მუზეუმებსა და მსოფლიოს წამყვან არქიტექტორთა დაპროექტებულ შესანიშნავ ნაგებობებს ასახავს.




    წიგნს დართული აქვს განსაცვიფრებელი ილუსტრაციები, რომლებიც ამ ღირსშესანიშნავ ნაგებობათა არქიტექტურული ღირებულების წარმოჩენას ემსახურება, რაც მკითხველს ამ საკვანძო ინსტიტუციების შესახებ სრულყოფილ, ნათელ წარმოდგენას შეუქმნის. თანამედროვე მუზეუმების ექსპონატთა უკეთ აღქმისა და შეფასების შესაძლებლობა სწორედ არქიტექტორთა, კურატორთა თუ მეცენატთა დაუღალავი, მიზანსწრაფული შრომის შედეგად გვეძლევა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია: დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ II, ნაპოლეონი, ჰენრი კლეი ფრიკი, პეგი გუგენჰაიმი, ენდრიუ კარნეგი, ალფრედ ჰამილტონ ბარი, ფრენკ ლოიდ რაიტი, ლე კორბუზიე, ფრენკ გერი, რიჩარდ როჯერსი, სერ ნიკოლას სეროტა და ზაჰა ჰადიდი. ცხადია, საზოგადოებრივი ცნობიერების ჩამოყალიბებაში მუზეუმებს საკვანძო როლი აკისრიათ, რადგან ისინი ჩვენი საერთო- კულტურული გამოცდილების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ. თუმცა უნებლიეთ იბადება კითხვა: როგორი მომავალი აქვს მუზეუმს თანამედროვე ციფრულ ეპოქაში?




                                
  




კომენტარები

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა