მსოფლიო ლიდერების მიმართვები, რომლებმაც ეპოქა შეცვალა
იმედის ჩასახვა, გრძნობების გაღვივება, მომავლის ჭვრეტით აწმყოზე მსჯელობა, უკეთესი სამყაროსკენ სწრაფვა და გამარჯვებისკენ დაუცხრომელი ლტოლვა _ ასეთია მამოძრავებელი იმპულსები იმ ბრწყინვალე მიმართვებისა, რომლებშიც ხორცშესხმულია მეორე მსოფლიო ომიდან დღემდე განვლილი ეპოქის სულისკვეთება. ამ მიმართვებში ასახულია განცდები და გრძნობები, რომლებიც თან სდევს ჩვენი სამყაროს უწყვეტ განვითარებას. კრებულში თავმოყრილი ოცდათვრამეტი მიმართვა მკითხველს შესაძლებლობას მისცემს, უფრო სიღრმისეულად ჩასწვდეს ეპოქას, ყურად იღოს გამოთქმული აზრები და მიჰბაძოს ამ სიტყვების ავტორთა მაგალითებს.
არსებობენ ლიდერები, რომელთა გადაწყვეტილებები დღემდე გავლენას ახდენს მსოფლიოს პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაზე. ბევრი ახლანდელი ლიდერი მათი მოსაზრებებით ხელმძღვანელობს, საჯარო გამოსვლებისას მათი ციტატებით მიმართავს აუდიტორიას და ასე ცდილობს მისი გულის მოგებას. თავის მხრივ კი აუდიტორია სახელოვანი საზოგადო მოღვაწის სიტყვების ციტირებისას უფრო მეტად ენდობა სიტყვით გამომსვლელს.
მსოფლიო ლიდერების შთამაგონებელი მიმართვები საინტერესოა არა მხოლოდ დღევანდელი და პოლიტიკური და საზოგადოებრივი ლიდერებისთვის, არამედ სამოქალაქო პირებისთვისაც. ყველაზე დასამახსოვრებელ გამოსვლებზე საუბრისას მაშინვე გვახსენდება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის უინსტონ ჩერჩილის უმნიშვნელოვანესი სიტყვა (We should never surrender), რომელიც 1940 წელს წარმოთქვა და დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. ასევე, უინსტონ ჩერჩილის არაერთ ემოციურ და დასამახსოვრებელ გამოსვლას შორის ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია 1946 წელს ფულტონში, მისურის შტატში (აშშ) ნათქვამი სიტყვები, როცა მან პირველად გამოიყენა გებელსის ტერმინი „რკინის ფარდა“ (იგივე საზღვარი, რომელიც სიმბოლურად, იდეოლოგიურად და ფიზიკურად ყოფდა ევროპას ორ ნაწილად მეორე მსოფლიო ომის დასასრულიდან ცივი ომის დასრულებამდე (1945-1990). ამ უმნიშვნელოვანეს გამოსვლასთან ერთად, ერთ წიგნშია გაერთიანებული მსოფლიოს ლიდერების მიმართვები 1945 წლიდან დღემდე და ის მკითხველში დიდი პოპულარობით სარგებლობს.