რუტა სეპეტისი - რუხ ჩრდილებს შორის
"რუხ ჩრდილებს შორის" New York Times-ის ბესტსელერი გახდა, არაერთი ლიტერატურული პრემია მოიპოვა და 30-ზე მეტ ენაზე ითარგმნა, მათ შორის ქართულადაც.
რომანი "რუხ ჩრდილებს შორის" რეპრესირებული ოჯახის შესახებ მოგვითხრობს. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად რომანის შთაგონების წყარო ავტორისავე ოჯახის ტრაგიკული ისტორია გახდა - იმ ოჯახების ისტორიების მსგავსი, რომლებიც სტალინურ რეპრესიებს ემსხვერპლნენ და რომელთაგან ერთეულებმა მოახერხეს გადარჩენა, ცხოვრების თავიდან დაწყება. რუტა სეპეტისმა არა მხოლოდ თავისი, არამედ სხვა ოჯახების ისტორიები მოისმინა, გამოიკვლია. რომანის ერთ-ერთი მთავარი ღირსება სწორედ ეს არის - აქ ნამდვილი ამბები და დიდი ტრაგედია ერთდროულად არის უცხოც, ტრაგიკულიც, ბევრისთვის მოულოდნელიც და ნამდვილიც.
ლინა ლიეტუველი გოგონაა. ხატავს, ოცნებობს, უყვარს და ბედნიერად ცხოვრობს ოჯახთან ერთად. მაგრამ ერთ ღამესაც მათ სახლში საბჭოთა ოფიცრები შეცვივდებიან და... სამუდამოდ ირღვევა ოჯახის მყუდროება! ლინა პატარა ძმასა და დედასთან ერთად ხალხით გადავსებულ ბინძურ ვაგონში აღმოჩნდება და აქედან იწყება სასტიკი მოგზაურობა, მოგზაურობა მამის გარეშე, უცნობი ადამინების გარემოცვაში, უცხო და სუსხიან მხარეში... ეს განწირული მგზავრობაა, რომლის ბოლოსაც ციმბირი, შრომა- გასწორების ბანაკი და შემაძრწუნებლად ტრაგიკული რეალობაა.