ქართული მონეტების ოქროს კოლექცია
ეს წიგნი-ალბომი საქართველოს სახელმწიფოებრიობის მატიანეა, რომელიც უძველესი დროიდან XIX საუკუნის დასაწყისამდე პერიოდს მოიცავს. თითოეულ მონეტას ერთვის შესაბამისი ეპოქის მიმოხილვა. ალბომში შეხვდებით ეროვნულ მუზეუმში დაცულ, ეპოქების ამსახველი ექსპონატების ფოტოებსაც, რომლებიც ისტორიული სიზუსტით აღწერენ თითოეულ მონეტას.
წიგნი საინტერესოა საქართველოს წარსულით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვის, მათ შორის, აკადემიური წრეების წარმომადგენლებისთვისაც.
ქართული მონეტების ოქროს კოლექციაზე მუშაობა ხანგრძლივი, საპასუხისმგებლო და, ამავდროულად, საინტერესო პროცესი იყო.
ალბომის მფლობელს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევა, ხელით შეეხოს ეროვნულ მუზეუმებში დაცულ უძველეს ქართულ მონეტებს (მეტალის ასლებს), განათავსოს უნიკალურ წიგნ-ალბომში. გახდეს თავისი ქვეყნის განძის თანამფლობელი.
დაახლოებით ნეკის ფრჩხილისხელაა იმერეთის მეფე გიორგი მეორის მონეტა, მაგრამ მასზე დატანილი გამოსახულება ზუსტად იმეორებს გელათის ტაძრის ფრესკას, რომლის ფოტომასალაც თან ერთვის წიგნს. დავით ნარინის მონეტას ფოტომასალად დმანისის ნაქალაქარი შევურჩიეთ. მნიშვნელოვანია თამარ მეფის მონეტა, რომელზეც დედოფლის ხელრთვა (ფაქსიმილეა) აღბეჭდილი და თამარის ვერცხლის სურა, რომელიც სვანეთის მუზეუმშია დაცული. ასე რომ, ეს წიგნი ძალიან საინტერესოა. მისი გაცნობით, კოლექციონერობის სურვილთან ერთად, შესაძლოა მკითხველს სამეცნიერო ინტერესიც გაუჩნდეს. ვინ იცის, ეგებ ამ წიგნით დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა ხვალ ჩვენ შეგვცვალონ.
ეს წიგნი მართლაც უნიკალურია, რადგან მასში საქართველოს ისტორია 27 საუკუნის მანძილზე გამოშვებული მონეტებითაა გადმოცემული. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ მკითხველისთვის ისტორია პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით ხელშესახები გახდება.
ამ უპრეცედენტო წამოწყებამ მალევე მიიქცია მკითხველის ყურადღება. დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ “ქართული მონეტების ოქროს კოლექცია” ქართულ საგამომცემლო სივრცეში ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით ანალოგი არ აქვს.