ანე ფრანკი - უკანა სახლი, დღიური წერილების სახით
გამოცემა განსაკუთრებულია იმით, რომ მასში ქვეყნდება ანე ფრანკის ჩანაწერების სრული, ავთენტური ვერსია და ტექსტი თარგმნილია დედნიდან, ნიდერლანდური ენიდან
დღიურის შემოკლებული ვარიანტი, რომელიც ანეს მამის, ოტო ფრანკის, მიერ იყო დამუშავებული, პირველად 1947 წელს გამოქვეყნდა. ჩანაწერებიდან ამოღებული იყო მთელი რიგი ნაწყვეტები, ინტიმურ თემებზე ღიად მსჯელობა, გამოთქმები, რომლებშიც ანე თამამად გამოხატავდა როგორც სიმპათიას, ისე ანტიპათიას ირგვლივ მყოფი ადამიანების მიმართ. ოტო ფრანკის გარდაცვალების შემდეგ ჩანაწერების დამუშავებას შეუდგა ანე ფრანკის ფონდი. ფონდის მიერ შესრულებული
საფუძვლიანი სარედაქციო სამუშაოს შედეგად, მკითხველს საშუალება მიეცა, უფრო ღრმად ჩაეხედა ანეს სამყაროში. ეს გამოცემა სწორედ ამ სრულ, ავთენტურ ვერსიას მოიცავს.