კობო აბე - ქალი ქვიშაში
ქალი ქვიშაში“, კობო აბეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანი, მრავალ ენაზე ითარგმნა და არაერთი ლიტერატურული პრემიით დაჯილდოვდა. მის მიხედვით რეჟისორმა ჰიროში ტეშიგაჰარამ 60-იან წლებში ფილმიც გადაიღო.
ნაწარმოების მარტოსული გმირი, ქვიშაში ჩაფლულ სოფელში „დატყვევებული“ უბრალო მწერების შემგროვებელი ბედს არ ურიგდება და ქვიშის ტყვეობიდან თავის დახსნას ყველანაირი ხერხით ცდილობს, რათა ნორმალურ ცხოვრებას და საკუთარ საქმეს დაუბრუნდეს.
ცნობილი იაპონელი მწერლის, დრამატურგისა და სცენარისტის, კობო აბეს ნამდვილი სახელი და გვარია აბე კიმიფუსა. ის დაიბადა 1924 წელს ტოკიოში. ბავშვობა მანჯურიაში გაატარა და ლექსების წერაც მცირე ასაკში მანჯურიაშივე დაიწყო. სკოლის დამთავრების შემდეგ ის კვლავ ტოკიოში დაბრუნდა და იქვე დარჩა სიცოცხლის ბოლომდე (გარდაიცვალა 1992 წელს). კობო აბეს სახელთან დაკავშირებულია XX საუკუნის 50-იანი წლების იაპონური ხელოვნების აღორძინება.