მილან კუნდერა - ყოფის აუტანელი სიმსუბუქე
„ყოფის აუტანელი სიმსუბუქე“ - მილან კუნდერას ყველაზე ცნობილი რომანი - 1982 წელს დაიწერა, თუმცა მისი გამოქვეყნება ავტორმა მხოლოდ ორი წლის შემდეგ მოახერხა. ჩეხურ ენაზე დაწერილი წიგნი პირველად ფრანგულად გამოიცა. რომანის გმირები 1960-70-იანი წლების პრაღაში ცხოვრობენ, თუმცა ის რთული ურთიერთობები და ფილოსოფიური საკითხები, რომლებსაც კუნდერა ეხება, ნებისმიერ ეპოქასა თუ ადგილს გულისხმობს.
მილან კუნდერა - თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჩეხი რომანისტი 1929 წელს ბრნოში დაიბადა. უნივერსიტეტში ჯერ ფილოსოფიას სწავლობდა, მოგვიანებით კი სწავლა კინოს ფაკულტეტზე განაგრძო. 1968 წელს კუნდერა საბჭოთა ჯარების ჩეხოსლოვაკიაში შესვლის საწინააღმდეგო გამოსვლებში მონაწილეობდა, რის გამოც მისი წიგნები ბიბლიოთეკებიდან ამოიღეს, თავად მწერალს კი პუბლიკაცია აეკრძალა. 1979 წელს მილან კუნდერას ჩეხოსლოვაკიის მოქალაქეობა ჩამოართვეს. მას შემდეგ მწერალი საფრანგეთში ცხოვრობს. 90-იანი წლებიდან კუნდერა ფრანგულად წერს.