სერია "ომებსა და ადამიანებზე"

07.03.2021

ეს სერია კლასიკური და თანამედროვე ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშებს გააცნობს მკითხველს.

კაცობრიობის ისტორია ომების ისტორიაა. ომი არაერთი მწერლის ფიქრის მიზეზად და უამრავი ლიტერატურული შედევრის თემად იქცა. დაიწერა წიგნები ომებსა და ადამიანებზე _ ოცნებებზე, რომლებსაც ომი ანადგურებს, ბედზე, რომელსაც ომი ძირეულად ცვლის, ცხოვრებაზე, რომელიც ომმა ჯოჯოხეთად აქცია... და, ამ ყველაფერთან ერთად, ადამიანის სულის სიმტკიცეზე, მის უნარზე _ უყვარდეს და სწამდეს უკიდურესი სასოწარკვეთის ჟამსაც კი.

სწორედ ასეთ წიგნებს გააერთიანებს სერია "ომებსა და ადამიანებზე". სერია იწყება ბუკერის ლაურეატი წიგნით - თომას კენილის "შინდლერის სიით", რომელიც სიკეთის, თავგანწირვისა და უანგარო თანადგომის უანალოგო რეალურ ამბავს ეძღვნება.
ეს ძალიან საინტერესო წიგნებია. მათი ნაწილი, რა თქმა უნდა, იცის მკითხველმა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აქტუალობა აღარ აქვთ ან საჭირო აღარ არის გამოცემა. მკითხველთა ახალი თაობა მოდის, განსხვავებული გემოვნებითა და პრიორიტეტებით. ისინი ახალი, აჩქარებული დროის შვილები არიან და, შესაბამისად, ლიტერატურაც მათივე დროისა და მოთხოვნების გათვალისწინებით "შეფუთული“ უნდა შესთავაზო. გარდა ამისა, ძალიან მოხერხებულია სასურველი წიგნის მიგნება, როდესაც ის თემატიკის, ჟანრის ან სხვა ნიშნით არის დაჯგუფებული. ეს - პრაგმატული მოსაზრებით. თუმცა არის კიდევ ერთგვარი ხარისხის ნიშანი - ამ პროექტში თავს მოიყრის გამორჩეული, აღიარებული წიგნები, რომლებიც აგვაღელვებს, თავზარს დაგვცემს, ცრემლსაც მოგვგვრის... მოკლედ, ძალიან ბევრს გვაფიქრებს ომებსა ადამიანებზე.

სერიის წიგნების სანახავად და გამოსაწერად ესტუმრეთ ბმულს





ომისდროინდელი, ომგამოვლილი ადამიანის მიმართ ინტერესი არ წყდება. რაც დრო გადის, სხვანაირად ვუღრმავდებით მათ ისტორიებს. სწორედ ლიტერატურაა მათთვის საუკუნო სიცოცხლის შთაბერვის შესაძლებლობა, ისე-ვე როგორც ეს გერმანელი ბიზნესმენის ოსკარ შინდლერის შემთხვევაში მოხ-და.

ოსკარ შინდლერმა საკუთარი სისოცხლის ფასად, გაზის კამერებისგან იხსნა 1300 ებრაელი და წუხდა, რომ მეტის გადარჩენა ვერ შეძლო. ავსტრალიელმა მწერალმა თომას კენილიმ მისი სახელი მკითხველთა და კრიტიკოსთა მიერ აღიარებული რომანის "შინდლერის სიით“ უკვდავყო. ამავე რომანის მიხედ-ვით ამერიკელი რეჟისორის სტივენ სპილბერგის მიერ გადაღებულმა ფილმმა კი შინდლერის სახელი და ჰუმანური აქტი მსოფლიოს გააცნო.


"შინდლერის სია"

ავსტრალიელი მწერლის, თომას კენილის კალამს არაერთი მხატვრული და დოკუმენტური ნაწარმოები ეკუთვნის, მაგრამ მათ შორის უმთავრესია "შინდლერის კიდობანი" ("შინდლერის სია" წიგნის ამერიკული გამოცემის სახელია და მთელ მსოფლიოში სწორედ ამ სახელით გახდა ცნობილი), რომლისთვისაც მწერალმა ბუკერის პრემია და საუკეთესო მხატვრული ნაწარმოების ნომინაციაში "ლოს-ანჯელეს თაიმსის" ლიტერატურული ჯილდო მოიპოვა. ნამდვილი ისტორია ავსტრიელ ფაბრიკის მფლობელ, ნაცისტური პარტიის წევრ ოსკარ შინდლერზე, რომელმაც უდიდესი ძალისხმევის, რისკისა და თანხის ფასად თავის ქარხნებში მომუშავე ათასზე მეტი გეტოელი ებრაელი უეჭველი სიკვდილისგან იხსნა, დღემდე ადამიანური სიკეთისა და უანგარობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. 
სერია "კინობიბლიოთეკა" იმ წიგნებს მოიცავს, რომელთა ეკრანიზაციებმაც დიდ წარმატებას მიაღწია. სტივენ სპილბერგის მიერ 1993 წელს გადაღებულმა, მრავალი ოსკარისა და სხვა მნიშვნელოვანი კინოპრიზების მფლობელმა ფილმმა არაადამიანურ სისტემასთან ფარულად მებრძოლი ოსკარ შინდლერი მთელ მსოფლიოს გააცნო და შეაყვარა.




"წიგნის ქურდი"

ნაცისტური გერმანიის რეჟიმის შთაგონებით შექმნილი ლიტერატურული ნაწარმოებების დიდ ნაწილს დაუნდობლობა, სისასტიკე და სიკვდილი აერთიანებს, მაგრამ ყველა გმირის ისტორია განსხვავებულად ტრაგიკულია.

სანამ მათ წაკითხვას დავიწყებთ, წინასწარ ვიცით, რომ აქ დაგვხვდება ეს-ესი, საკონცენტრაციო ბანაკები, გაზის კამერები, სისხლი და ომი, მაგრამ მაინც გვაინტერესებს, სადამდე შეიძლება მივიდეს ადამიანის სისასტიკე და შეუწყნარებლობა? ანგარება და ჩაგვრის სურვილი? ყოველივე ამას შეჩვეულებს კი გულზე მალამოსავით გვედება ოსკარ შინდლერის ჰუმანურობა, გერმანელი და ზოლიან პიჟამაში შემოსილი ებრაელი ბიჭუნების მეგობრობა, ლიზელის დედობილ-მამობილის მიერ ებრაელი ბიჭის შეფარება...

ჩამოთვლილთაგან ზოგი ისტორია გამოგონილია, ზოგიც რეალური, თუმცა ყველა სიკვდილის ქრონიკას ასახავს.

"წიგნის ქურდის" მთავარი გმირი 9 წლის გოგონა ლიზელია, რომელიც 1939 წლის გერმანიაში ცხოვრობს. ეს ის დროა, როცა სიკვდილი სახლიდან სახლში, ქალაქიდან ქალაქში დათარეშობს.

ლიზელი დედობილ-მამობილთან ერთად ჰიმელსტრიტზე ცხოვრობს, რადგან მისი მშობლები საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს. როგორც ლიზელის, ისე ყველა მეზობლის სახლში შიში, უიმედობა და შიმშილი ჩაბუდებულა. ლიზელი შემთხვევით გახდება წიგნის ქურდი. ის სულ უფრო და უფრო მეტს კითხულობს, ბოლოს კი თავად იწყებს წერას. პატარა, ნაცრისფერი ქუჩიდან სხვადასხვა ქალაქსა და ქვეყანაში მოგზაურობს. ოჯახის მდგომარეობას ამძიმებს ებრაელი ბიჭი, რომელიც მათ სარდაფში დამალეს, და ეს-ესის ოფიცრების მკაცრი შემოწმება. ერთ დღეს კი ჰიმელსტრიტს დაბომბავენ...

წიგნში მოთხრობილია ქალაქის მერის ოჯახის დამოკიდებულებაც პატარა ლიზელისადმი, აღწერილია, 1939 წელს როგორ ცხოვრობდნენ გერმანიაში, როგორ ექცეოდნენ ნაცისტები უდანაშაულო ადამიანებს.

მწერალმა მარკუს ზუზაკმა იმ ამბების ნაწილი, რომლებიც წიგნშია აღწერილი, მშობლებისგან მოისმინა. ისინი მიუნხენში ცხოვრობდნენ და ხედავდნენ, როგორ მიჰყავდათ ებრაელები საკონცენტრაციო ბანაკში. სწორედ მშობლების მონათხრობმა მოახდინა მწერალზე უდიდესი შთაბეჭდილება.

2013 წელს გამოვიდა რეჟისორ ბრაიან პერსივალის ფილმი "წიგნის ქურდი", რომელიც დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. როგორც წესი, ფილმის დასასრული მაყურებელს თვალცრემლიანს ტოვებს.




გეიშას მემუარები

ამომავალი მზის ქვეყნის შუქ-ჩრდილები. თეთრი ნიღბის ქვეშ მიმალული ვნებები. შეკავებული ცრემლი, გულებს შორის გაბმული იდუმალი ძაფები და ერთმანეთისკენ სავალი გზები. ტრადიციების საბრძანებელი  - ფარვანას ფრთებივით თვალწარმტაცი ძველი კიოტო და ხის ქოშების ბაკუნით  შემოვლილი მისი ლაბირინთები. მებადურის ქოხში გაზრდილი იაპონელი გოგონას დრამატული ცხოვრების ისტორია ართურ გოლდენის ბესტსელერში „გეიშას მემუარები“.
გეიშას მემუარები 1997 წელს გამოიცა ინგლისურ ენაზე და მალევე მოექცა ლიტერატურის კრიტიკოსებისა და მკითხველების ყურადღების ცენტრში. წიგნი 58 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა The New York Times-ის ბესტსელერების სიაში, ითარგმნა 32 ენაზე და გაიყიდა 4 მილიონ ეგზემპლარად. მოგვიანებით, 2005 წელს გამოვიდა რომანის მიხედვით გადაღებული ფილმიც, რომლის რეჟისორი რობ მარშალი, პროდიუსერი კი სტივენ სპილბერგია. ოსკარის 78-ე დაჯილდოებაზე ფილმი 6 ნომინაციაში იყო წარდგენილი, რომლიდანაც 3-ში გაიმარჯვა კიდეც.

ნაწარმოების ეპიკური ისტორია კიოტოში ვითარდება მეორე მსოფლიო ომის პერიოდში და გამოგონილი გეიშას ამბავს მოგვითხრობს. ამერიკული გამომცემლობის შეფასებით, "გეიშას მემუარებში ჩვენ იმ სამყაროში ვხვდებით, სადაც გარეგნობა უპირველესია, სადაც სექსუალური გამოცდილების არმქონე გოგოს აუქციონზე ყველაზე ძვირად ჰყიდიან, სადაც ქალებს ყველაზე ძლიერი კაცის მოსახიბლავად ამზადებენ და სადაც სიყვარული მხოლოდ ილუზიაა. უბადლო და ძლიერი პროზის ნიმუში — რომანტიკული, ეროტიკული, დაძაბული — და, რაც მთავარია, სრულიად დაუვიწყარი".

ისტორიული ჟანრის რომანზე ავტორი 6 წლის განმავლობაში მუშაობდა, მისი ხელნაწერი კი თავიდან ბოლომდე სამჯერ გადაწერა. უშუალოდ წერის პროცესში გოლდენი შეხვდა და გაესაუბრა რამდენიმე ყოფილ გეიშას, მათ შორის, ცნობილ მინეკო ივასაკის. მოგვიანებით, იაპონურენოვანი თარგმანის გამოცემის შემდეგ, ამ უკანასკნელმა მწერალს ანონიმურობის დაცვის შესახებ დადებული შეთანხმების დარღვევის გამო უჩივლა.



ბულბული

"როცა გვიყვარს, ვხვდებით, ვინ გვინდა ვიყოთ, ომში კი იმას ვხვდებით, თუ რას წარმოვადგენთ" - ეს სიტყვები პოპულარული ამერიკელი მწერლის, კრისტინ ჰანას წიგნიდანაა, რომელიც "ნიუ-იორკ ტაიმსის" ბესტსელერი, 2015 წელს Goodreads Choice Awards-ის გამარჯვებული, იმავე წელს კი "ამაზონის" წლის საუკეთესო წიგნი გახდა. რომანის მიღწევების არასრული ჩამონათვალი უკვე ნათელს ხდის, რომ ჩვენ წინაშე ამაღელვებელი, საინტერესოდ გადმოცემული ისტორიაა, რომელმაც სხვადასხვა ქვეყანაში მილიონობით ადამიანის მოხიბვლა შეძლო.

"ბულბული" -ასე ჰქვია წიგნს, რომელიც 2015 წელს გამოქვეყნდა და უკვე 40-ზე მეტ ენაზე ითარგმნა. როგორც რომანის ავტორი იხსენებს, მისი შთაგონების წყარო ბელგიელი ქალის, ანდრე დე იონგის, ისტორია გახდა, რომლის მიხედვითაც, ქალმა ანტიჰიტლერულ კოალიციას მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია.

კრისტინ ჰანას რომანს გამოსვლისთანავე დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებდნენ და ასეც მოხდა. საერთაშორისო აღიარების მოპოვების პარალელურად, რომანის მიხედვით, ფილმის გადაღების იდეა გაჩნდა, რომლის პრემიერაც 2021 წლის დეკემბერშია დაგეგმილი. ფილმში მთავარ როლებს დაკოტა და ელ ფენინგები შეასრულებენ. "ბულბული" ნამდვილად არის ის წიგნი, რომელიც მის მიხედვით გადაღებულ ფილმამდე აუცილებლად უნდა წაიკითხოთ.
წიგნში მოქმედება მეორე მსოფლიო ომის დროს ვითარდება. 1939 წელია, საფრანგეთში ნაცისტური გერმანია შეიჭრა. ომმა პატარა ქალაქ კარივომდეც მიაღწია. აქ ორი პარიზელი და ცხოვრობს - დედის სიკვდილისა და მამის გულგრილობის გამო გაუცხოებული. დებს ბევრი რამ აქვთ ერთმანეთისთვის სათქმელი, მაგრამ ჯერ შიში, შიმშილი, დამცირება, ფარული ბრძოლა და ტანჯვა უნდა გადალახონ.

"ბულბული"- ეს ომის შესახებ დაწერილი კიდევ ერთი ამაღელვებელი წიგნია. მთელ რომანს გასდევს იმედი ერთმანეთის პოვნის, აღმოჩენის სიხარულისა და რწმენისა; იმის, რომ სამშობლოს სიყვარული და ადამიანური ურთიერთობები ბოროტებას ყოველთვის დაამარცხებს!





როგორია ჩვენი ქვეყნის 30-წლიანი მხატვრული მატიანე; როგორ და რას წერენ თანამედროვე ქართველი მწერლები ომის შესახებ - 14 ავტორის 14 მოთხრობა ერთი სახელის ქვეშ ერთიანდება - "შიშის საათი".

როგორც მოთხრობების კრებულის რედაქტორ-შემდგენელი შოთა იათაშვილი აღნიშნავს, წიგნში სტილური და შინაარსობრივი თვალსაზრისით განსხვავებულ მოთხრობებს მოუყარეს თავი:

"ბოლო 30 წელიწადში საქართველომ ბევრი პოლიტიკური ქარტეხილი გამოიარა. ცხადია, ამ ყველაფრის შესახებ ქართველი მწერლები რეაგირებდნენ. როდესაც კრებულზე მუშაობა დავიწყეთ, გვინდოდა, განსხვავებული მოთხრობებისთვის მოგვეყარა თავი; ვეძებდით ტექსტებს, რომლებშიც ომები სხვადასხვა რაკურსით არის წარმოჩენილი. ამიტომ ამ კრებულში შეხვდებით როგორც მოთხრობას, რომელშიც მოქმედება ფრონტის წინა ხაზზე ვითარდება, ასევე მოთხრობას, რომელსაც ომი მხოლოდ ფონად გასდევს. ზოგიერთი მწერალი სათქმელის გადმოსაცემად იგავურ ფორმას ირჩევს, ზოგიც - იუმორსა თუ ირონიას," - აღნიშნავს შოთა იათაშვილი.

"შიშის საათი" კრებულს გელა ჩქვანავას ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით ჰქვია, რომელსაც დანარჩენი 13 ავტორის მოთხრობის მსგავსად ამ წიგნში წაიკითხავთ. კრებულში შესულია შემდეგი მწერლების მოთხრობები: გურამ ოდიშარია, ნუგზარ შატაიძე, შალვა ბაკურაძე, თეონა დოლენჯაშვილი, ბესო სოლომონაშვილი, ბესო ხვედელიძე, ლუკა ბაქანიძე, ბექა ქურხული, გელა ჩქვანავა, თამრი ფხაკაძე, თეა თოფურია, ალეკო ცქიტიშვილი, ერეკლე დეისაძე და ნინო სადღობელაშვილი.

როგორც მწერლები აღნიშნავენ, ომი ამოუწურავი თემაა; მასზე საუბარი და მკითხველამდე მისვლა კი კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების ერთ-ერთი მთავარი საშუალება.


"მე მომკლეს, დე"...

 ამ წიგნში 15 ავტორის ამდენივე მოთხრობაა შეკრებილი და ეს არის მხოლოდ ნაწილი მრავალგვარი რეაქციისა, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში გადატანილმა მოვლენებმა გამოიწვია უახლეს ქართულ მწერლობაში.



"ომის შედეგები"

წიგნი მეორე მსოფლიო ომისგან დატოვებულ ჭრილობებზე, რომლებიც არასდროს შუშდება

ჩვენ ბევრი რამ წაგვიკითხავს ომებზე, ვიცით, რა კვალი დაატყო ნგრევამ, სიკვდილმა, წამებამ და შიმშილმა ადამიანების ფსიქიკას. ომში გამარჯვებული დამარცხებულიცაა, რადგან მან გამარჯვებას მსხვერპლად უამრავი სიცოცხლე შესწირა, ხოლო ვინც გადარჩა, ისიც ტანჯვისთვის არის განწირული - მათ საყვარელი ადამიანები დაკარგეს.

მეორე მსოფლიო ომის შედეგებზე არაერთი დოკუმენტური ფილმი გვინახავს, რომლებშიც საკონცენტრაციო ბანაკს გადარჩენილები იმ სასაკლაოს იხსენებდნენ, რაც ჰიტლერმა მოაწყო, გვინახავს განადგურებული, დამშეული ფაშისტური გერმანიის თუ საბჭოთა მოქალაქე, რომელიც ბელადთა ამბიციებმა გასრისა. ვიცით ნამდვილი ჯოჯოხეთის - აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკის, გაზის კამერებისა და საერთო სასაფლაოების შესახებ. ეს ყველაფერი დღეს ისტორიაა, რომელიც უკან მოვიტოვეთ და თითქოს აღარ გვეხება.

წარსული საშუალებაა იმისა, ისწავლო, მომავალში როგორ მოიქცე, რა აღარ უნდა დაუშვა, ამიტომ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ომის შედეგები.

მეორე მსოფლიო ომმა მხატვრულ ლიტერატურასა და კინემატოგრაფში დიდი ინტერესი დაიმსახურა. ეს შავბნელი პერიოდი დღემდე არაერთი მწერლისა და რეჟისორის შთაგონებაა.




"ომის შედეგები" - სწორედ ასე ეწოდება რიდიან ბრუკის ბესტსელერს, რომელიც 1946 წლის ჰამბურგელებზე გვიამბობს. დანგრეული, მიწასთან გასწორებული გერმანია შიმშილობს. არანაკლებ მძიმე მდგომარეობაა ქალაქში შესულ მოკავშირეთა რიგებშიც. რიდიან ბრუკი გვიამბობს, როგორ "ამყარებენ წესრიგს" ბრიტანელები. ჰამბურგის დროებით გუბერნატორად დანიშნეს ბრიტანელი სამხედრო, რომელსაც ომის დროს 11 წლის შვილი დაეღუპა. ბრიტანელი სამხედრო გერმანიაში ცოლთან ერთად ჩადის და ქალაქის აღდგენაზე იწყებს მუშაობას. მათი მასპინძლები გერმანელი მამა-შვილი არიან, ომმა მათი ბედნიერი ოჯახიც გაანადგურა. ზიზღითა და შურისძიების წყურვილით დაწყებულ ურთიერთობას მალე თანაგრძნობა ცვლის, ორივე მხარე დანაკარგს გლოვობს, მაგრამ ცხოვრების თავიდან დაწყებასაც ცდილობს.

როგორც წიგნის მთარგმნელი ლევან ინასარიძე აღნიშნავს, ავტორს ყოველგვარი მაღალფარდოვნების გარეშე, მხატვრული ოსტატობით აქვს ასახული ომის უმძიმესი შედეგები: "ავტორის გზავნილი საკმაოდ მკაფიოა: "არა ომს!", ხოლო თუ რატომ არა, ეს ნაჩვენებია კონკრეტული ადამიანების, ოჯახების ბედით, რომელიც ამ ომმა განსაზღვრა".

რიდიან ბრუკის ბესტსელერის მიხედვით რეჟისორმა ჯეიმზ კენტმა გადაიღო ფილმი "მტრის სახლში", რომელშიც მთავარ როლებს კინოვარსკვლავები ალექსანდრ სკარსგარდი და კირა ნაითლი ასრულებენ. ფილმი 2019 წელს გამოვიდა. ის ომის შემდგომ ადამიანების ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ წარმოდგენას შეგვიქმნის. ომი ვერც ერთ მხარეს ვერ აძლევს იმას, რაც სურდათ, ბელადთა მსახურებას კი ყოველთვის ფატალური შედეგი აქვს. საინტერესოა, ქართველ მკითხველზე რა შთაბეჭდილებას დატოვებს რიდიან ბრუკის "ომის შედეგები", რომელმაც ბევრი ადამიანი დააფიქრა.



"რუხ ჩრდილებს შორის"

ლინა ლიეტუველი გოგონაა. ხატავს, ოცნებობს, უყვარს და ბედნიერად ცხოვრობს ოჯახთან ერთად. მაგრამ ერთ ღამესაც მათ სახლში საბჭოთა ოფიცრები შეცვივდებიან და... სამუდამოდ ირღვევა ოჯახის მყუდროება! ლინა პატარა ძმასა და დედასთან ერთად ხალხით გადავსებულ ბინძურ ვაგონში აღმოჩნდება და აქედან იწყება სასტიკი მოგზაურობა, მოგზაურობა მამის გარეშე, უცნობი ადამინების გარემოცვაში, უცხო და სუსხიან მხარეში... ეს განწირული მგზავრობაა, რომლის ბოლოსაც ციმბირი, შრომა- გასწორების ბანაკი და შემაძრწუნებლად ტრაგიკული რეალობაა.


"ნათელი, რომელსაც ვერ ვხედავთ"

მეორე მსოფლიო ომი. პარიზი ოკუპირებულია. მარი-ლორა, ბრმა გოგონა ქალაქიდან მამასთან ერთად გარბის. მარის მამა - მუზეუმის გასაღებების მცველი, სიურპრიზებისა და თავსატეხების დიდოსტატი. ისინი გარბიან და თან დიდი განძი მიაქვთ - გაცოცხლებული, ხორცშესხმული ლეგენდა. მარი-ლორასგან არც ისე შორს ნაცისტური გერმანია და ჰიტლერიუგენდია. ობოლი ვერნერი. ზღვისპირა ქალაქი სენ-მალო. ძველი და ლამაზი სახლის პატრონი იძულებით ტყვეობაშია. მან საკუთარ თავს გამოუტანა სასჯელი ფაშისტების აღზევებამდე დიდი ხნით ადრე.

და რადიო. ტალღებით, ბგერებით გაცოცხლებული ახალი ამბები. ტყუილი. იმედი. შიში. მოლოდინი. ენტონი დოერი ომზე ყვება, ომის ადამიანებზე გვიამბობს. ყველაზე ერთად და ცალ-ცალკე...  თუმცა ისინი ერთმანეთს აუცილებლად შეხვდებიან.

„ნათელი, რომელსაც ვერ ვხედავთ“  ნიუ-იორკ თაიმსის ბესტსელერი, 2014 წლის Goodreads Choice Awards-ის გამარჯვებული ნაწარმოებია, რომლისთვისაც ამერიკელმა მწერალმა ენდონი დოერმა 2015 წელს პულიცერის პრემია მიიღო.


"აუშვიცის ტატუსტი"

ლალე, ებრაელი ბიჭი, აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკს სასწაულით იმის წყალობით გადაურჩა, რომ ტატუისტი გახდა – ათეულათასობით ტყვეს ნომრავდა. ტყვეობის დროს ბევრი ტრაგედიისა და ნაცისტთა სისასტიკის

მოწმე შეიქნა, მაგრამ მტკიცე რწმენამ, რომ აუცილებლად უნდა გადარჩენილიყო, გააძლებინა... მისმა თავდადებამ იხსნა სხვა ტყვეებიც – მისგან მალულად მიწოდებულმა მოპარულმა პურის ნატეხებმა და ნუგეშისცემამ...

გაზის კამერებში მოსაგუდად განწირული უამრავი ტყვეც სწორედ მისმა სიმამაცემ გადაარჩინა – ლალე მათ ხელებზე ნომრებს ცვლიდა, ახალ ტატუს უკეთებდა. სწორედ იმ ჯოჯოხეთში იპოვა ნამდვილი სიყვარული – მასავით

ტყვე გიტა ფურმანოვა.

„აუშვიცის ტატუისტი“ არის იმედის, გადარჩენისა და სიყვარულის სიძლიერის ისტორია.



კომენტარები

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა