კაზუო იშიგურო - კლარა და მზე

"ნობელის პრემიის ლაურეატი მწერლის მომაჯადოებელი რომანი, რომელიც მწარედ, ტკივილით დაგვაფიქრებს სიყვარულსა და მარტოობაზე, იმაზე, თუ როგორია ხელოვნური ინტელექტის როლი ჩვენს მომავალში.ეს კლარას ამბავია, რომელსაც ის თავად მოგვითხრობს. კლარა განსაკუთრებული, ყველა ანალოგისგან გამორჩეული შესაძლებლობების მქონე ხელოვნური მეგობარია. ის მაღაზიის ვიტრინაში დგას და ყურადღებით ადევნებს თვალს გამვლელებს, აკვირდება მათ და ელის კლიენტს, რომელიც მას ამოირჩევს. ასეთი კლიენტი გამოჩნდება და კლარა ნამდვილ ოჯახს იძენს. მაგრამ რას ნიშნავს „ნამდვილი“ სამყაროში, რომელიც გაჟღენთილია პრაგმატიზმით, რაციონალურობითა და ათასგვარი შიშით? „კლარა და მზე“ არის სულის შემძვრელი, დაუვიწყარი წიგნი, რომელიც, რობოტის გულწრფელი და შეუდარებელი თხრობის მეშვეობით, სრულიად სხვაგვარად დაგვანახვებს საკუთარ თავებს, ჩვენს ქცევას და დაგვაფიქრებს მარადიულ კითხვაზე: რა არის სიყვარული?"

კაზუო იშიგუროს 2021 წლის რომანი „კლარა და მზე“ იმდენად დროული აღმოჩნდა, ავტორს ყველა ინტერვიუში იმის მტკიცება უწევს, გლობალური პანდემია წიგნის სიუჟეტის განმსაზღვრელი არ ყოფილაო. საქმე იმაშია, რომ ამბის მოქმედება ახლო მომავალში, ერთგვარ დისტოპიაში ვითარდება (იშიგურო მსგავსი სიუჟეტების დიდოსტატია), რომელშიც მოზარდებს განათლების მისაღებად გენეტიკურ მოდიფიკაციას უკეთებენ, სწავლის პროცესი კი სახლებში, კომპიუტერული მოწყობილობებისა და ეკრანების წყალობით მიმდინარეობს. ზოგიერთი ბავშვი „ვაქცინას“ ვერ უძლებს და იღუპება. მშობლები დარდობენ, თუმცა სამსახურებში მიეჩქარებათ: თანამდებობა უნდა შეინარჩუნონ და ფული დააგროვონ. ამ სამყაროში სულიერებაზე საუბარი ზედმეტია.

ცოტა ხანში, მაღაზიის ვიტრინაში გამოჭენებულ კლარას, 14 წლის მოზარდი, ჯოზი შეარჩევს, რომელიც დედასთან ერთად გარეუბანში, ქალაქიდან შორს ცხოვრობს. კლარა გაიგებს, რომ გენეტიკური მოდიფიცირების პროცესი ხანდახან ცუდად აისახება ბავშვებზე: ჯოზის უფროსი და, სალი ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა, თავად ჯოზი კი ძალიან ავად არის. გოგონას მეზობელი და ბავშვობის მეგობარი რიკი ჰყავს. მართალია, ბიჭს საკმაოდ მაღალი აკადემიური მოსწრება აქვს, თუმცა, დედამისმა ბავშვის გენეტიკურ ჩარევაზე უარი თქვა და ამის გამო, რიკს დიდი კარიერული მომავალი არ უწერია. მიუხედავად ამისა, ჯოზი და რიკი ერთმანეთს შეჰფიცებენ, რომ მთელი ცხოვრება ერთად იქნებიან. ჯოზის საძინებლიდან კლარა ცაზე გამოკიდებული მზის მოგზაურობას აკვირდება და ცოტა ხანში დაიჯერებს, რომ ციური სხეული, ღამის ძილს, ჰორიზონტს მიღმა, ფერმერის ბეღელში მიეცემა.

მწერლის ეშმაკურ ჩანაფიქრს ამართლებს ის, რომ სიუჟეტს მხოლოდ კლარა, თავისი მიამიტური და ბავშვური პერსპექტივიდან გვიყვება. წინადადებები მოკლე და მარტივია, აზროვნება — ნაივური და დამყოლი; აღმოჩენები კი მრავალფეროვანი: წვიმის შემდეგ, ღრუბლებიდან ამოსრიალებული მზის სხივები; პაწაწინა, ფერად-ფერადი ჩიტები, ჩანჩქერის მნახველებისთვის გაწყობილი მაგიდები; მინდორში ჩამომდგარი ძროხა; სახლის ოთახების მოწყობის სისტემა, და სხვ. ბავშვური გონების მქონე ანდროიდი, რომანის მეორე ნახევარში, ადამიანური ბუნების ბნელ ნაწილს შეასკდება და დიდებული აღმოჩენების წინ დადგება! თუმცა, დარწმუნებული ვარ, მკითხველი პერონაჟს აქაც დაასწრებს და საიდუმლოს უფრო ადრე ახდის ფარდას. ესეც ავტორის ჩანაფიქრის ერთ-ერთი ნაწილია.

იშიგუროს უყვარს არასანდრო მთხრობელის გამოყენება, რომლითაც გვაუცხოებს, ნაცნობი სამყაროსგან. ხშირად, მისი ცენტრალური პერსონაჟები ნაცნობი გარემოდან ახალ სამყაროში შეაბიჯებენ: ადამიანის კლონი ქეითი, რომანიდან „არასოდეს გამიშვა“ პანსიონატიდან გარბის და მომვლელად იწყებს მუშაობას; ხოლო სტივენი („დღის მიწურულს“), რომელსაც თავისი პატარა, ინგლისური საგრაფოდან თავის დღეში არ გაუდგამს ფეხი, ყოფილი კოლეგის, მის კენტონის სანახავად შორეულ კორნვოლში გაემგზავრება. სწორედ ამ წასვლის, ზღურბლზე ფეხის გადადგმის შემდეგ იწყება დიდებული თავგადასავალი!

ამ მხრივ, არც „კლარა და მზე“ არის გამონაკლისი. თუმცა, წინა რომანებისგან განსხვავებით, მიუხედავად ტექნოლოგიური განვითარებისა თუ უახლოესი მომავლის დიდებული პორტრეტისა, „კლარა“ პირველ რიგში ბავშვების შესახებ მოგვითხრობს. ყველაზე ცხადად მახსოვს ეპიზოდი მოზარდებზე, ჯოზის თანაკლასელებზე, რომლებიც გოგონას სახლში, დიდ სასტუმრო ოთახში იკრიბებიან და ახალი „ხელოვნური მეგობრის“ გაცნობას ითხოვენ. მათი ზანტი დიალოგი, მოქანცული ტემბრი, კლარას მიმართ უდიერება და თანაგრძნობის ნაკლებობა — ეკრანთან გაზრდილი თაობის სახეა. მათ არ სჭირდებათ გაკრიალებული თოჯინა, არც მარტოობასთან გამკლავებაში ეძებენ მშველელს; ისინი მარტოობის სიღრმიდან ამოზრდილი არსებები არიან.

თუმცა, ეს მომავლის პრობლემაა, ჩვენ ჯერ ამ საფრთხის წინაშე არ ვდგავართ (ეს ჩემი პირადი ირონიაა, რომანში ირონიის ნატამალი არ ჩანს). ვინ დაგვეხმარება ჩვენ? ვინ დაგვეხმარება მარტოობასთან გამკლავებაში? ვფიქრობ, ჩვენი „ხელოვნური მეგობარი“ თავად ეს წიგნი გახდება. წიგნი, როგორც ნივთი, ჰგავს კიდეც ლამაზ თოჯინას, ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალურ, მშვენიერსა და მიმზიდველ ყდაში გამოწყობილ სათამაშოს. მისი წაკითხვა დინჯი, მაგრამ სახალისო პროცესია. ასე ნათლად და მკაფიოდ წერა გამორჩეულ ავტორებს შეუძლიათ, კაზუო იშიგურომ კი სწორედ ამისთვის დაიმსახურა 2017 წლის ნობელის პრემია.

დარწმუნებული ვარ, რომანს ნებისმიერი ასაკისა თუ წარმომავლობის ადამიანი შეიყვარებს, რადგან თავად რომანი სიყვარულის სწავლის პროცესს აღწერს. „რა იციან ბავშვებმა ნამდვილი სიყვარულის?“, გვეკითხება კლარა. პასუხი მარტივია: ყველაფერი.

გამომცემლობა:
პალიტრა L
ჟანრი:
რომანი
მკითხველის ასაკი:
16+
ავტორი:
კაზუო იშიგურო
ენა:
ქართული
ორიგინალის ენა:
ინგლისური
მთარგმნელი:
თამარ ჯაფარიძე
გვერდების რაოდენობა:
332
ზომა:
15X23
ყდის ტიპი:
რბილი
ილუსტრირებული:
არა
ფურცლის ტიპი:
ჰოლმენი
სერია:
ლიტერე ინვენტე
გამოცემის წელი:
2022
ISBN:
9789941351334
000010072
23,95 
მარაგშია
ქულები: 24 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება