ქართული სამართლის კლასიკა - I

„ქართული სამართლის კლასიკის“ – პირველ წიგნში თავმოყრილია ცნობილი ქართველი იურისტების სამეცნიერო ნაშრომები, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ქართული სამართლებრივი აზრის განვითარებაში. თემატურად კრებულში შესულია სტატიები ქართული სამართლის ისტორიის, სამართლის თეორიის, სისხლის, სამოქალაქო და საჯარო სამართლის სფეროდან.


წარმოგიდგენთ "ქართული სამართლის კლასიკის" პირველ ტომს. წინამდებარე გამოცემა სამი მიზეზით არის საინტერესო. პირველი იმით, რომ მასში თავმოყრილი იქნება ცნობილი ქართველი იურისტების სამეცნიერო ნაშრომები, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ქართული სამართლებრივი აზრის განვითარებაში; მეორე - წიგნი საინტერესოა იმის გამოც, რომ წარმოუდგენელია, მკვლევარმა გადაწყვიტოს ქართული სამართლის ამა თუ იმ სფეროს შესწავლა და გვერდი აუაროს კრებულში თავმოყრილ მეცნიერთა ნაშრომებს, ხოლო მესამე იმიტომ, რომ მოცემულ შემთხვევაში `"ქართული სამართლის კლასიკის" გამოცემა დაემთხვა რიგი მეცნიერების საიუბილეო
თარიღებს.
ყველასათვის ცნობილია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დამაარსებელი პროფესორი ლუარსაბ ანდრონიკაშვილი იყო ენციკლოპედიურად განათლებული ადამიანი, მაგრამ მას ნაშრომები სამართლის სფეროში არ დაუტოვებია. აქედან გამომდინარე, ღირებულია ამ დიდი იურისტის ინტელექტუალური ნაღვაწის მოპოვება, და გთავაზობთ მის რეცენზიას პროფესორ გიორგი ნანეიშვილის სადოქტორო დისერტაციაზე, რომელიც, ჩვენი ინიციატივით, გამოსაქვეყნებლად მოამზადა და რუსულიდან თარგმნა თსუ-ის ასოცირებულმა პროფესორმა მარინა გარიშვილმა. არა მარტო
ამ ნაშრომიდან, არამედ ზოგადად, ნათელია, რომ ლუარსაბ ანდრონიკაშვილის სახით ქართულ იურიდიულ სკოლას ჰყავდა მასშტაბური და მრავალმხრივ განათლებული ფიგურა.

კრებულში შესულ ავტორთა შორის წარმოუდგენელია არ ყოფილიყვნენ პროფესორები იროდიონ სურგულაძე, გიორგი ნანეიშვილი
და ალექსანდრე ვაჩეიშვილი. სწორედ მათი, როგორც "არამარქსისტი" პროფესორების "დასასჯელად" გაიმართა 1930 წლის ცნობილი დისკუსია, სადაც არამარქსისტული იდეოლოგიის მატარებელი იურიდიული ნაშრომები დაგმობილ იქნა, კერძოდ, პროფესორ იროდიონ სურგულაძის - "ხელისუფლება და სამართალი", პროფესორ გიორგი ნანეიშვილის - "სამართლის ნამდვილობა და ცდა ნორმატიული ფაქტების დასაბუთებისა", "პროფესორ ალექსანდრე ვაჩეიშვილის - `"სამართლის ზოგადი"თეორია"  სწორედ ამას, 1937 წლის რეპრესიების დროს ემსხვერპლა პროფესორი გიორგი ნანეიშვილი. 

შეიძლება ითქვას, რომ 1930 წელს გამართულმა დისკუსიამ, - როგორც პროფესორი ო. გამყრელიძე მიუთითებს - თითქმის მთლიანად ჩაკლა ქართული იურიდიული აზროვნება და 20-იან წლებში დაწყებული საქმე დიდი ხნით შეაფერხა.

გამოცემაში, ასევე, წარმოდგენილია აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სტატია, ვინაიდან, მართალია ქართული სამართლის ისტორიის
პირველი მკვლევარი ნიკო ხიზანაშვილია (ურბნელი) (რომლის ნაშრომიც, ასევე, წინამდებარე კრებულშია შესული), მაგრამ სწორედ
ივანე ჯავახიშვილის სახელთან არის დაკავშირებული ქართული სამართლის ისტორიის შესწავლის მეცნიერული საძირკვლის ჩაყრა.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ცნობილი ქართველი მეცნიერის ფატმან გოკიელის წერილი, რომელიც ეხება უფლების, როგორც სამართლებრივი ფენომენის მეცნიერულ ანალიზს. შესაძლოა იურისტთა უმრავლესობისათვის უცნობი იყოს ფატმან გოკიელის სახელი. იგი იყო სიბრძნის მეტყველების ფაკულტეტის კურსდამთავრებული სამართალმცოდნე (1924 წელს) , პროფესორ ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ღირსეული მოსწავლე. 1926 წელს, როდესაც ფ. გოკიელი უნივერსიტეტის ასპირანტურაში აბარებს სამოქალაქო სამართლის განხრით, სწორედ პროფესორი ანდრონიკაშვილი გახლდათ მისი სამეცნიერო
ხელმძღვანელი, მაგრამ 1927 წელს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე2 ფ. გოკიელს მოუწია უნივერსიტეტის დატოვება. ამის შემდეგ, მან იურისპრუდენციაში მეცნიერულ მუშაობას თავი დაანება და ფილოლოგიურ მეცნიერებებში გადაინაცვლა. 1948 წელს იცავს დისერტაციას თემაზე - "აღორძინების ეპოქის ფრანგული სოციალ-პატრიოტული ლირიკა" - და მიენიჭა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.
ფატი გოკიელი იყო მეტად ნაყოფიერი მთარგმნელი, კერძოდ, მისი მეშვეობით საზოგადოებამ ქართულ ენაზე გაიცნო შემდეგი ლიტერატურული ქმნილებები: ცვაიგის „ლეგენდა მესამე მტრედზე“, კალაშნიკოვის ნარკვევი „სტანისლავსკის თეატრალური ეთიკა“, გორკის
„მტრები“, ა. ოსტროვსკის „ტალანტები და თაყვანისმცემლები“, ფრ.ვოლფის „პროფესორი მამლოკი“, მოლიერის "ძალად ექიმი", კ. სიმონოვის და სხვა დრამატურგის პიესები. დაბოლოს, იურისტებისათვის  საამაყოდ, 1928 წელს, პროფესორ ლუარსაბ ანდრონიკაშვილის რედაქტორობით გამოიცა მსოფლიო ცივილისტიკის უდიდესი ფიგურის ჰეინრიხ დერნბურგის პანდექტების სამტომეულიდან, ერთის - ზოგადი ნაწილის ქართულენოვანი თარგმანი, რომლის ძირითადი ნაწილი შეასრულა კ. ჯაფარიძემ რუსული გამოცემიდან, ხოლო ფ. გოკიელმა შეადარა გერმანულენოვან მეშვიდე და ბოლო გამოცემას და შეიტანა შესწორებები; ასევე, მანვე თარგმნა წიგნში არსებული დანართები და თანარედაქტორის ფუნქციაც შეითავსა.

წინამდებარე კრებულის გამოცემა რიგი მეცნიერების საიუბილეოწელს მიეძღვნა. კერძოდ, გასულ, 2016 წელს აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის 140 წლის იუბილე აღინიშნა; ასევე, 140 წლის იუბილეა ცნობილი ქართველი ცივილისტის გრიგოლ რცხილაძის დაბადებიდან, 115 წლის - დოქტორ ფატმან გოკიელის, 130 წლის იუბილე - პროფესორ ალექსანდრე ვაჩეიშვილის. 2016 წელს 90 წელი შეუსრულდებოდათ პროფესორებს - სერგო ჯორბენაძეს, გიორგი ნადარეიშვილს და გივი ინწკირველს. მიმდინარე, 2017 წელს 145 წლის იუბილეა პროფესორ ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, 125 - პროფესორ იროდიონ სურგულაძის, 115 - პროფესორ დავით ფურცელაძეს, 90 - პროფესორების მიხეილ კეკელიასა და მზია ლეკვეიშვილის. ეს იუბილეები მეტად ფასეულია ქართული იურიდიული საზოგადოებისათვის და ჩვენც, წინამდებარე წიგნის გამოცემით, ვეხმაურებით ამ თარიღებს.


კრებულში შესული ნაშრომები პირვანდელი სახით ქვეყნდება, თუ არ ჩავთვლით მცირედ რედაქციულ შესწორებებს. ზოგიერთ ნაშრომში იგრძნობა იმ ეპოქისათვის დამახასიათებელი ლექსიკა, წინადადების წყობა, რომელიც დღეს შესაძლოა გრამატიკულად გამართულად არ მოგვეჩვენოს, მაგრამ ეს ტექსტის შინაარსის აღქმას ხელს არ შეუშლის.
"ქართული სამართლის კლასიკის"  გამოცემაში გაწეული დახმარებისათვის გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციასა და თანამშრომლებს, მათ არქივში დაცული მასალების მოწოდებისათვის. ასევე, აღნიშვნის ღირსია სარედაქციო ჯგუფის მიერ გაწეული შრომა.






სამეცნიერო რედაქტორები:
ზვიად კორძაძე
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, "კორძაძის
საადვოკატო ბიუროს" მმართველი პარტნიორი
თორნიკე ნემსწვერიძე
სამართლის მაგისტრი (თსუ), "კორძაძის საადვოკატო ბიუროს" იურისტი
სარედაქციო კოლეგია:
ოთარ გამყრელიძე
იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თსუ-ის თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე
გიორგი დავითაშვილი
იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი
ნანა ჭიღლაძე
სამართლის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი
მარინა გარიშვილი
სამართლის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი



ISBN:
9789941279357
გამომცემლობა:
ზვიად კორძაძის გამომცემლობა
გამოცემის წელი:
2017
ენა:
ქართული
რედაქტორი:
ზვიად კორძაძე, თორნიკე ნემსწვერიძე
ფორმატი:
17,5X21.5
გვერდების რაოდენობა:
658
ყდის ტიპი:
მაგარი + სუპერი

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა
56,00 
გაყიდვაშია
ქულები: 56 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
ჩვენი უპირატესობები
გადახდეს მეთოდები
მიწოდება
რედაქტორიზვიად კორძაძე, თორნიკე ნემსწვერიძე