მერვე სიცოცხლე (ბრილკას) - ნინო ხარატიშვილი

49,95 
გაყიდვაშია
ქულები: 50 ქულა
+
ჩვენი უპირატესობები
გადახდეს მეთოდები
მიწოდება

საქართველო, 1900 წელი: შოკოლადის ცნობილი მწარმოებლის ქალიშვილის, სტასიას დაბადებით იწყება ეს ამაღელვებელი ოჯახური საგა, რომელიც ექვს თაობას მოიცავს. სტასია შეძლებულ საზოგადოებრივ ფენაში იზრდება და ძალზე ახალგაზრდა ცოლად მიჰყვება თეთრგვარდიელ სიმონ ჯაშს, რომელსაც ოქტომბრის რევოლუციის წინა საღამოს მეუღლისაგან შორს, პეტროგრადში გზავნიან. როდესაც სტალინი ქვეყნის სათავეში დგება, სტასია თავის ორ შვილთან, კიტისა და კოსტიასთან ერთად თბილისში, თავის დასთან, ქრისტინესთან, თავბრუდამხვევი სილამაზით ცნობილ ქალთან, აფარებს თავს. მაგრამ საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელი ლავრენტი ბერია მას თვალს დაადგამს, რასაც საბედისწერო შედეგი მოჰყვება...

 

გერმანია 2006: ბერლინის კედლის დამხობისა და სსრკ-ის დაშლის შემდეგ საქართველოში არეულობაა. სტასიას უნიჭიერესი შვილთაშვილი ნიცა საცხოვრებლად ბერლინში გადადის. როდესაც ნიცას თორმეტი წლის დისშვილი ბრილკა დასავლეთში მოგზაურობის შემდეგ საქართველოში დაბრუნებაზე უარს აცხადებს, ნიცა მას მოძებნის. სწორედ ბრილკას უამბობს ჯაშების ოჯახის მთელ ისტორიას – უყვება რვა ცხოვრებისა და იმ წითელი საუკუნის შესახებ, რომელშიც ყველანი ისე არიან ჩაქსოვილნი, როგორც ძაფები ხალიჩაში.

 

„წიგნი, რომელიც ერთიანად გიპყრობს. 31 წლის ავტორის ხმა უკვე ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და შთამბეჭდავია დღევანდელ გერმანულ ლიტერატურაში: ნინო ხარატიშვილი ოსტატურად უკავშირებს ერთი ქართველი ოჯახის სულისშემძვრელ ცხოვრებას მეოცე საუკუნის რეოლუციათა ისტორიას. საუკუნის რომანი, რომელიც კითხვას მოგაწყურებთ და ძლიერი ახალგაზრდა ქალი, რომელიც თავისი სამშობლოს მამაკაცთა საზოგადოებისაგან გათავისუფლდა. მასშტაბური ისტორიული რომანი, ადამიანური ტრაგედიებით ისევე სავსე, როგორც რეალური ცხოვრება“.
ნორბერტ კრონი, „სათაურები, თეზისები, ტემპერამენტები“.

 

„ნინო ხარატიშვილმა ევროპის ისტორია ოჯახის ისტორიის სახით ხელახლა მოგვითხრო. წლის საუკეთესო გერმანული რომანი. ფენომენალურია!“
ფოლკერ ვაიდერმანი

გერმანულიდან თარგმნა ნინო ბურდულმა


წინათქმადრონი მეფობენ და არა მეფენი.
ქართული ანდაზა
პროლოგი - ანუ დავიწყების პარტიტურა

ISBN:9789941482182
კატეგორია:ახალი თარგმანები
გვერდები:1196
ფორმატი:A5
ყდა:მაგარი

2006

ამ ამბავს რამდენიმე დასაწყისი აქვს. არც კი ვიცი, რომელი ავირჩიო, რადგან ყოველი მათგანი დასაწყისია.
ამ ამბის დაწყება ბერლინის ერთი ძველი სახლის ბინაში შეიძლება, სრულიად ბანალურად, ორი შიშველი სხეულით ლოგინში. ოცდაშვიდი წლის მამაკაცით, უღმერთოდ ნიჭიერი მუსიკოსით, რომელიც თავის ნიჭს ჭირვეულობაში, დაუოკებელ ვნებასა და სასმელში ფლანგავდა.
ამ ამბის დაწყება თორმეტი წლის გოგოთიც შეიძლება, უარი რომ სტკიცა იმ სამყაროს, რომელშიც მანამდე ცხოვრობდა და ახალი დასაწყისის პოვნა გადაწყვიტა, თავისთვის და თავისი ამბისთვის.
შეიძლება უფრო შორს წასვლაც – სიღრმეში, ფესვებთან დაბრუნება და იქიდან დაწყება.
ან სულაც სამივე ამბით ერთდროულად დაწყება.
როცა ამან ბარონი, რომელსაც უბრალოდ "ბარონის" სახელით იცნობდნენ, სიყვარულს მეფიცებოდა და მიხსნიდა, თუ როგორი გულგანგმირული იყო ამ გაუსაძლისი, უძლიერესი და უმსუბუქესი გრძნობით, როგორ გუგუნებდა და როგორ დუმდა მისი სიყვარული ჩემდამი, ცოტა სნეული, უსუსური, ილუზიებსმოკლებული და გაქვავებული სიყვარული, – ამ დროს ჩემი თორმეტი წლის დისშვილი ბრილკა ამსტერდამის რომელიღაც სასტუმროდან გამოვიდა და სადგურისკენ წავიდა. თითქმის უფულოდ, ზურგზე ჩანთამოგდებული, თევზის სენდვიჩით ხელში. ვენაში აპირებდა გამგზავრებას და რეგიონულ მატარებელზე შაბათ-კვირის იაფფასიანი ბილეთი იყიდა.
სასტუმროს მისაღებში ხელნაწერი ბარათი დატოვა – ცეკვის ანსამბლთან ერთად სამშობლოში დაბრუნებას არ ვაპირებ და ტყუილად ნუ დამიწყებთ ძებნასო.

ზუსტად ამ დროს მოვუკიდე სიგარეტს და ხველა ამიტყდა – ნაწილობრივ იმის გამო, რისი მოსმენაც მომიხდა და კიდევ იმიტომ, რომ კვამლი გადამცდა. ამანმა, რომელსაც მე თვითონ არასდროს ვეძახდი "ბარონს", მაშინვე ზურგზე მაგრად დამარტყა ხელი, ისე, რომ სუნთქვა შემეკრა და დაბნეული მომაჩერდა. მასზე ბევრად უფროსად ვგრძნობდი თავს, არადა სულ ოთხი წლით იყო ჩემზე უმცროსი. გარდა ამისა, ლამის ტრაგიკულ ფიგურად ჩამოვყალიბდი. თუმცა ამას დიდად ვერავინ მამჩნევდა, რადგან ამასობაში თვალში ნაცრის შეყრის დიდოსტატადაც ვიქეცი.
სახეზე ეწერა, რომ სასოწარკვეთილი იყო – თავის აღსარებაზე ჩემს ასეთ რეაქციას არ ელოდა. მით უფრო, მას მერე, რაც შემომთავაზა – ორ კვირაში ტურნეს ვიწყებ და ჩემთან ერთად წამოდიო.
წამოწვიმა, ივნისი იყო, თბილი საღამო, მსუბუქი ღრუბლები პატარა ბამბის ქულებივით ამკობდნენ ცას.
როცა ბრილკამ თავისი ოდისეის პირველ მატარებელში შედგა ფეხი, მე შეტევამ გადამიარა, აივნის კარი გავაღე და დივანზე დავეგდე. კინაღამ დავიხრჩვე.
უცხო ქვეყანაში ვცხოვრობდი. იმ ადამიანთა უმრავლესობასთან, რომლებიც ოდესღაც მიყვარდა და მეძვირფასებოდა, კონტაქტი გაწყვეტილი მქონდა, მიწვეული პროფესორის ადგილი კი, რომელიც არსებობის საშუალებას მაძლევდა, სრულიად უცხო იყო ჩემთვის.
იმ საღამოს, როცა ამანმა მითხრა, მინდა შენთან ვიყო და ნორმალური გავხდეო, ჩემი გარდაცვლილი დის ერთადერთი ქალიშვილი ბრილკა ვენაში გაემგზავრა, თავის არჩეულ სამშობლოში, თავის პირად უტოპიაში, მხოლოდ იმიტომ, რომ ის ადგილი უკავშირდებოდა ქალს, რომელიც ცოცხალი აღარ იყო.
ის, კარგა ხნის წინათ გარდაცვლილი ქალი, ბაბუაჩემის და, ბრილკასთვის კი  დედის მამიდა, მის წარმოსახვაში გმირად ქცეულიყო და ვენაში მის სიმღერებზე საავორო უფლებების მოსაპოვებლად მიდიოდა მასში დაბუდებული სიცარიელისგან თავის დახსნისა და პასუხების პოვნის იმედით აედევნა იმ ლანდის კვალს. მაგრამ მაშინ ჯერ პოვნის იმედით აედევნა იმ ლანდის კვალს. მაგრამ მაშინ ჯერ წარმოდგენაც არ მქონდა ამ ყველაფერზე.
როცა დივანზე დავჯექი და სახე ხელებში ჩავრგე, როცა თვალები მოვიფშვნიტე და ცოტა ხნით ავირიდე ამანის მზერა, უკვე ვიცოდი, კიდევ მომიწევდა ტირილი. ოღონდ ჯერ არა, არა იმ დროს, როცა ბრილკა მატარებლით მიქროდა, ფანჯრიდან ძველ და ახალ ევროპას შესცქეროდა და გულგრილობის კონტინენტზე ჩამოსვლის დღიდან პირველად იღიმებოდა. არ ვიცი, რა დაინახა ისეთი, რამაც ღიმილი მოჰგვარა, როცა პაწაწინა ხიდებიან ქალაქს ტოვებდა, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს. მთავარია, იღიმებოდა.
სწორედ ამ დროს გავიფიქრე, ტირილი არ ამცდება-მეთქი. თავი რომ შემეკავებინა, შევბრუნდი, საძინებელში გავედი და მივწექი. ამანმაც არ დააყოვნა. რა იოლია დარდისგან განკურნება, როცა წამლად სხეულს ირჩევ, მით უფრო, თუ სნეულება ოცდაშვიდი წლის კაცს შეჰყრია.
კოცნამ მძინარე მზეთუნახავივით გამომაღვიძა.
მერე ამანმა მუცელზე დამადო თავი, ჩემმა თორმეტი წლის დისშვილმა კი ნიდერლანდები დატოვა და გერმანიის საზღვარი გადაკვეთა, ლუდისა და სიმარტოვის სუნით გაჟღენთილი ვაგონით. ასობით კილომეტრით დაშორებული დეიდამისი ამ დროს არაფრის აზრზე არ იყო და სიყვარულობანას ეთამაშებოდა ოცდაშვიდი წლის აჩრდილს. იმედით სავსე ბრილკა გერმანიის გავლით მიიწევდა წინ.
ამანს ჩაეძინა, მე კი ავდექი, სააბაზანოში გავედი, აბაზანის კიდეზე ჩამოვჯექი და ავტირდი. წლების განმავლობაში ნაგროვები ცრემლით დავიტირე გაყალბებული სიყვარული და მონატრება იმ სიტყვების რწმენისა, ჩემს ცხოვრებას რომ განსაზღვრავდა ოდესღაც.



ISBN:
9789941482182

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა