სამყარო, რომელიც გვაერთიანებს

25.03.2021

ალბათ ბევრჯერ უთხოვია მეგობარს - მიდი ერთი, რამე ფილმი მირჩიეო. ნამდვილად არაა მარტივი ამბავი. სხვისი გემოვნების დაკმაყოფილების პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება ვა-ბანკზე წასვლას ჰგავს. თუ გაგიმართლათ და მოეწონა, მეგობრობის უხილავ ძაფებს კიდევ ერთი შეემატება, მაგრამ წინააღმდეგ შემთხვევაში, მინიმუმ წუწუნის მოსმენა მოგიწევთ. ფილმს კიდევ რა უჭირს, აი როდესაც საქმე წიგნებს ეხება, ყველაფერი ასმაგად რთულადაა. დაკარგულ ორ საათს მარტივად გაპატიებენ, აი წიგნის შეთავაზება უკვე სხვაგვარი პასუხისმგებლობაა. ადამიანს სჩუქნი სამყაროს, რომელშიც რაღაც პერიოდი უნდა იცხოვროს, შეხვდეს „წიგნის მეგობრებს“, მათთან ერთად განიცადოს, იტიროს, იზეიმოს და ბოლოს ემოციებით აღსავსე დაემშვიდობოს.
       
Hermione Granger | Harry potter illustrations, Harry potter artwork, Harry  potter picturesPin by Sailor Mood ???? on Artwork | Harry potter drawings, Harry potter fan  art, Snape harry potter

აგერ უკვე მერვე წელია, ჩვენი ლიტერატურული აგენტები მუხლჩაუხრელად შრომობენ, რათა „წიგნების ჭიები“ გაახარონ. მიაწოდონ ამა თუ იმ წიგნის მთავარი იდეა, რომ შემდეგ მკითხველმა თვითონვე შექმნას ის სამყარო, რომელშიც მომდევნო რამდენიმე დღე იცხოვრებს. ფურცლებს შიგნით ჩამალული აზრების ავტორები კი კვლავ დაუზარლად აგრძელებენ წერას, ქმნიან „ბესტსელერებს. ახალი და საინტერესო პერსონაჟებით აღსავსე ამბებს კი წლები კლასიკოსთა რიგებში გადაანაცვლებს. მანამდე კი ძალიან დიდი და სირთულეებით აღსავსე გზაა. 


არაერთხელ ვახსენე მხატვრული სამყარო, რომელშიც ცხოვრება ალბათ ყველა ჩვენთაგან ერთხელ მაინც უნატრია. სამყარო, რომელიც ასე გვხიბლავს და ასობით გვერდს დაუზარებლად გვაკითხებს. „აგენტების“ უდიდესი შრომის მიუხედავად, საქმე ჯერ ძალიან ბევრია. თაობები ერთმანეთს ენაცვლებიან. ახალბედებს კი სწორ დროს, სწორ ადგილას სჭირდებათ ის საბედისწერო წიგნი, რომელიც მის სამომავლო განწყობილებას განსაზღვრავს ყველაზე ჩუმი და ამავდროულად ყველაზე მეტყველი „მეგობრის“ მიმართ. ვინ შეძლებს ამ პასუხისმგებლობის გაზიარებას? ვინ თუ არა ის გმირები, რომლებიც ამ ყველაფრის ნაწილები არიან.



Pippi Longstockings Illustration by Lucy Fleming | Illustration,  Illüstrasyonlar, Çizimlerkittygrimm | Jane eyre, Literature art, Drawings

 ჩვენი გუნდის დასახმარებლად ბევრი გმირი დავპატიჟეთ. ზოგმა მოუცლელობის გამო მოსვლა ვერ შეძლო. რამდენიმემ შემოგვირბინა და მალევე გაიქცა, კომენდანტის საათი ხომ ყველგან კომენდანტის საათია. საბოლოოდ მოუსვენარი პეპი შემოგვრჩა, რომელიც დაუზარებლად პასუხებს ყველას, განსაკუთრებით კი, როცა საქმე პატარებს ეხება. მან ხომ ყველაზე კარგად იცის, როგორ უნდა გაატაროს დრო მხიარულად. განუყოფელი გრძელი წინდებითა და მოღიმარი სახით, მალევე მოიგო ყველას გული. აქვე პატარა პრინცია, რომელმაც ბევრი პლანეტა მოიტოვა უკან და ბავშვებთან უამრავი ისტორიით მოვიდა. მან უკვე დედამიწაზე არაერთი მეგობარი შეიძინა, რომელსაც ძალიან კარგი წიგნები ურჩია და საინტერესო ამბებიც მოუყვა. აქ ვინმემ წიგნები ახსენა? ჰერმიონ გრეინჯერის გარეშე ეს ამბავი განა შესაძლებელია? დაპატიჟებაც კი არ დაგვჭირდა, ისე უცბად მოგვევლინა და უამრავი საინტერესო წიგნიც მოგვიტანა. ჰოგვორდსის მაგიური ბიბლიოთეკიდან ჩამოგვიტანა წიგნები, რომელზე საუბრითაც არასდროს იღლება და ბავშვებს ჩუმად შელოცვებსაც კი ასწავლის. რომანტიკული ისტორიებით აღსავსეა ჯეინ ეართან საუბრები, რომელსაც საათობით შეუძლია მოჰყვეს სიყვარულზე. ბავშვობის ბევრი ცუდი ისტორიის მიუხედავად, პატარებს მისი მოსმენა ძალიან უყვართ. სამეცნიერო ლიტერატურად გჭირდებათ? არც მეტი, არც ნაკლები პროფესორი სევერუს სნეიპი დაგეხმარებათ. მკაცრი იმიჯისა და ხისტი მანერების უკან დამალული უერთგულესი ადამიანი მუდამ თქვენს გვერდით იქნება და თუ საჭირო გახდება, თავსაც კი გასწირავს თქვენ გამო.

ასეა თუ ისე, ჩვენი ლიტერატურული გმირები უკვე „სუპერგმირებად“ არიან გადაქცეულები, რომლებიც მზად არიან გამოგზაურონ ბევრი ემოციით, სიხარულითა და საინტერესო ამბებით სავსე სამყაროში. იქ, სადაც ბევრი თაობა გაიზარდა და კიდევ უფრო მეტი გაიზრდება. 

კომენტარები
აუუუუ, რა მაგარია!
მიმოხილვის დაწერა