პატი სმიტი - უბრალოდ ბავშვები
ცნობილი ამერიკელი მუსიკოსის, მწერლისა და მხატვრის, პატი სმითის (1946), ერთგვარი ავტობიოგრაფიაა. დოკუმენტური პროზის ამ ბრწყინვალე ნიმუშში მოთხრობილია თავად ავტორისა და ცნობილი ფოტოგრაფის, რობერტ მეპლთორპის გასაოცარი ურთიერთობის ამბავი, რომელიც სამოციანი წლების ბოლოს ნიუ იორკში დაიწყო.
სმითი იმ დროს იხსენებს, როცა 1967 წლის შემოდგომაზე ვაშინგტონ პარკში ის და მეპლთორფი ტურისტი ცოლ-ქმრის შეკამათების მიზეზად იქცნენ. ცოლ-ქმარს ვერ გადაეწყვიტა, ღირდა თუ არა ამ უცნაური წყვილის ფოტოზე აღბეჭდვა. ქალის თქმით, ახალგაზრდები ნამდვილ არტისტებს ჰგავდნენ, რაზეც კაცმა უკმეხად მიუგო, ეგენი უბრალოდ ბავშვები არიანო.
„უბრალოდ ბავშვები“ გულახდილი და ამაღელვებელი ამბავია ახალგაზრდობისა და მეგობრობის შესახებ, მისი მთავარი ხიბლი კი ის უნიკალური ლირიზმია, რომლითაც გაჟღენთილია პატი სმითის მთელი შემოქმედება - იქნება ეს ცნობილი მუსიკალური ალბომი „ცხენები“ (1975) თუ მისი ლექსები და ფერწერული ტილოები.