ცნობილი ადამიანები დედაზე

ბესიკ ხარანაული დედაზე     Image result for ბესიკ ხარანაული

“დედი, რაა, ამ ბოლო დროს
სულ საფლავზე გხედავენ,
ბებოჩემი, პაპაჩემი
შენს თავს შემომედავენ.
და თუ მართლა წაგიყვანეს,
თუ გაუწყრათ გამჩენი,
კიბეს ხომ მეც ჩამომაწვდი,
როგორც ხეზე დარჩენილს.
ჩამოვყვები კიბეს, დედი,
სისხლიანი ფეხებით,
დედი, როგორ გავიხარებთ,
როგორ გადავეხვევით”.

***
“და ნუ დამეძებ, ნუღარ მანჯღრევ, მე ავადა ვარ,
ერთი დღე, ერთი წელიწადი, ერთი სიცოცხლე
ცოტა არიან იმისათვის, რომ სხვაგან ვიყო.
მე შენთანა ვარ, შენთან ვიყავ,შენთან ვიქნები…
ნუ დამირეკავ, დედი, დედი, ნუ დამირეკავ”.

TELex ტელექს-ს ფოტო.გოდერძი ჩოხელი დედაზე
“დედაჩემი ბუნებით პოეტი იყო, ლექსებს კი არ წერდა, მაგრამ რაღაცნაირი იყო… ალბათ იტანჯებოდა, იმიტომ რომ სულ ბალახს და ყვავილს ელაპარაკებოდა და რომ ელაპარაკებოდა, ფეხის დადგმაც ხომ უჭირდა მერე?” (“ძაღლისა და დედობისა”).

“ვისაც დედა ცოცხალი აღარა ჰყავს, ალბათ დამემოწმება, რომ რაც დრო გადის, მით უფრო გენატრება დედა და სიყვარულიც უფრო გიცხოველდება მის მიმართ. სანამ დედა ცოცხალია, მანამდე გულადად ხარ, სიკვდილისა არ გეშინია, სიცოცხლით ლაღობ, ვერა გრძნობ სიკვდილის მზერას, რადგან დედაა ჩამდგარი შენსა და სიკვდილს შორის, თავისი სუსტი ბეჭებით სიკვდილს წინ ეღობება და მისი მწველი მზერისგან გიფარავს, თვითონ იწვის სიკვდილის ალმოდებულ მზერაში. წავა დედა და ჩამოიხსნება ფარდა შენსა და სიკვდილს შორის, რომელიც მგელივით წამოგვარდება, მოსვენებას დაგიკარგავს, სილაღეს ჩაგიკლავს და თან გეშინია, თან იმას ცდილობ, ახლა შენ აეფარო ბეჭებით შენს შვილებს, რომ დაიფარო ამ ამაზრზენი მზერისგან. რაც ხანი მიდის, ძალ-ღონეს გაცლის ეს დამთრგუნველი მზერა და წამითაც არა გცილდება, სულ თან დაგდევს და გულ-ღვიძლს გიწვავს ქვეშეცნეულად. შენ კი მაგრობ, მაგრამ თავისი მიაქვთ გარდასულ დღეებს, თანდათან მუხლებში ძალა გელევა, ახალგაზრდობის ოცნებები უფერულდება და გრძნობ, როგორ თანდათან იზრდება შენს არსებაში შიში, სიკვდილის მზერით თუ რაღაც გარდუვალობის შეგრძნებით გაჯერებული შიში, რომელსაც არავის არ უმხელ და ვერც გაუმხელ, რადგან ერთადერთი ადამიანი, დედა, რომელსაც შეიძლება გაუმხილო ეს შიში, წასულია ამ ქვეყნიდან, შენ კი მარტო ხარ და ხან დედის გაკეთებულ საჭმელს ნატრულობ, როცა გშია, ხან დედის მოქსოვილ ხელთათმანებს ან წინდებს, როცა გცივა და შენს თავსაც კი არ უმხელ, ისე იძინებ იმ სურვილით, რომ იქნებ სიზმარში ნახო დედა, იქნებ სიზმარში მაინც განმეორდეს ის საოცარი იმედიანი მოფერება, ადამიანის სულიდან სიმარტოვესაც რომ აფრთხობს და არარაობის განცდასაც, სამაგიეროდ კი ხალისითა და იმედით გავსებს”.

TELex ტელექს-ს ფოტო.ნოდარ დუმბაძის დედა ანა ბახტაძე
“დედაშენი არის ღმერთი. შენ რომ ზიხარ და უყურებ. ისიც რომ გიყურებს. შენ რომ დედას ეძახი და ის შვილს გეძახის, ამიტომ შენ გგონია ღმერთი არ არის? შენ ღმერთი ვინ გგონია? წვერებიანი ბაბუა? ღრუბლებზე ზის და პირს რომ იბანს, წვიმა მოდის? ღმერთი ისე ნათელია, ისე ახლობელი, ისე ახლო და ისე უბრალო, რომ როდესაც ხედავ, არ იცი, რომ ღმერთია, ამაშია ღმერთის უბედურება, ამიტომ არ წამთ ღმერთი. ღმერთი რომ სხვაგან იყოს, შორს ჩვენგან, ცალკე და მაღლა, ღმერთი რომ ჩვენში არ იყოს, მაშინ ყველა იწამებდა.
ამაშია საქმე! ღმერთი მაშინ უნდა იწამო, ღმერთის სახე რომ არ აქვს, რომ არ ჰგავს ღმერთს, რომ არ გეუბნება, ღმერთი ვარო, პურს რომ გიყოფს, სადილს რომ გიკეთებს, ტანზე რომ გაცმევს, თავზე რომ გახურავს, გიღიმის და გეფერება, გკოცნის და ტირის შენი გულისთვის, კვდება შენი გულისთვის, ცივა, წყურია, შია შენთან ერთად, სულს აძლევს ეშმაკს შენი გულისთვის, მაშინ უნდა იწამო, აბა, ღმერთმა თუ თავისი სახე გაჩვენა, კედელთან მიგაყენა, ყური აგიწია და თვითონ თუ გითხრა, ღმერთი ვარ და მიწამეო, მაშინ რაღად უნდა ღმერთს შენი რწმენა? ასეთ ღმერთს შენ კი არა, ყველა იწამებს. ღმერთი მაშინ უნდა იწამო, შენ რომ გგავს, მე რომ მგავს, დედაშენს რომ ჰგავს, გასაგებია?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *